წერილი დათასა და ნიკოს

ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მონსტრებთან ომს და მე აუცილებლად ვისწავლი minecraft – ის თამაშს.

                                                                                                                    პატივისცემით  მამა.

ნიკოს ხელების  სახეზე ფათურმა გამაღვიძა.  უფრო ადრე –  სიცივემ. თითქოს  ყინულის მონსტრმა შემანჯღია. მარჯვნივ გადავბრუნდი და   პარალელურად საბანს  კისრიკენ ვექაჩები.11092695_546174445520577_287402096_n

ვიგრძენი ყველაზე დიდი შვება, სიხარული და  განცდა სიძლიერის, რადგან ცისვისგან ძლივს გადატრიალებულს  დამხვდი შენ,  ჩემო ნიკოლოზ.    მომაგონდა, რომ წუხელ შენ და დათა ჩემთან დარჩით.

ნაკვერჩხალივით ხარ, აპრილის ამ ძალიან ცივი ღამის მეექვსედში.   დათა შედარებით დაბალ რკინისფეხებიან საწოლზე  წევს, რომელიც დაძინებამდე ჩვენსკენ  ოთახის მეორე ბოლოდან მოვაჩოჩეთ.   დათას სწყინს, რომ შენ ჩემთან იძინებ და ის ვერ.  ამიტომაც, დავარბენინებთ ამ გასაშლელ საწოლს  ოთახიდან –  ოთახში.

 შენი ხელის ფათურმა კიდევ ერთხელ გამაღვიძა.  დილის 6 საათია. მეფერები და დამტვრეული ხმით მეუბნები, რომ გიყვარვარ,  რომ ყველაფერი რაც გაგაჩნია ჩემია.   შენი ცხვირი, თვალები, მუცელი, მუხლებზე დახეული შენი საღამური, თმა და წიწილის სურნელება.

დათა 07:15 წუთზე გავაღვიძეთ.  მანამდე, მე და შენ ერთად შევბრაწეთ კვერცხიანი პურის ნაჭრები.  უფრო ადრე  დოროთე გვეგლისებოდა ფეხებზე,  გვეგლისებოდა და  კნაოდა.

დათა, მამ, გაიღვიძებ?

რადგან ვიცი, რომ დილით შესაძლოა უმიზეზოდ მეჩხუბო, ამიტომ ძალიან ვცდილობ  შენი გაღვიძების საუკეთესო ფორმა შევარჩიო. ამჯერად ხელებზე გეფერები,  ძალიან ჩუმად გეძახი –  დათა, დათი, მამ…

გაიღვიძებისთანავე  გეხუტები გკოცნი, რომ არ გაბრაზდე.

11100814_546174438853911_830940715_o8 საათზე მოვიდა სამარშუტო ტაქსი, რომლითაც  სკოლაში დადიხარ.    შენ ძალიან დიდი ხარ, ნიკოზე, ჩემზე, სამყაროზე უფრო დიდი და ძლიერი.  დიდი თვალები გაქვს, პლანეტა დედამიწას ჰგვანან.

ჩვენ რომ  სამყაროში  ადამიანების ნაცვლად  ძაღლებად,  შაშვებად, ვირთაგვებად ან ხეებად დავბადებულიყავით, მაშინაც ასე გიჟივით მეყვარებოდა  თვენი  ხმა,  ნიკოს წიწილის სურნელება, თითები. შენი  სათვალის ოთკუთხა ჩარჩო,  ნიკოს მუხლებზე დახეული   საღამური ,  გასული კვირის ხუთშაბათს ერთად  რომ  დავკემსეთ მეზობლისგან ნათხოვარი წითელი ძაფით.

დავით ქაშიაშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | Leave a comment

Post navigation

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Create a free website or blog at WordPress.com.