Posts Tagged With: წერილი მამისგან

ჩემი წილი მამა

ხანდახაimg_0420ნ როცა მამაჩემთან კილომეტრები მაშორებს  და   მენატრება, ვდგდები სარკესთან და ვიყურები,მე ჩემ თავთან ერთად მამაჩემიც ვარ, მოგრძო სახით,დიდი წამწამებით და მუქი თაფლისფერი თვალებით ,საიდანაც 21 წელია ვუყურებ,ვუყურებ და წლების გასვლასთან ერთად ვიტევ ჩემს თავს და მამაჩემს ერთად,რომელიც ჩემი სინდისია,ჩემი მეა და ამის ტარებას უდიდესი პასუხიმგებლობა უნდა,იმაზე დიდი ვიდრე მამაშვილობაა.პირველად მამა როდის დავუძახე არ მახსოვს,პრინციპში არც ეხლა ვეძახი მამას.ყველაფერი გასიგრძეგანებული მაქვს, რა თვალითაც შემახედა სამყაროს და ყველაფერი რაც მასწავლა ცხოვრების ბოლომდე ღირსეულად მისატანია .ჩემი ტოლი იყო როცა გავჩნდი და მეც ის ბავშვი ვარ, რომელსაც მამა ყოვლისშემძლე  ეგონა ყოველთის.ჩემთვის დღესაც ასეთია და მეც მინდა ყოვლისშემძლე შვილი ვიყო მისთვის.მამას სტადიონზე დავყავდი,მამამ ფეხბურთი შემაყვარა და ყოველთვის გული მწყდებოდა მის არშემდგარ საფეხბურთო კარიერაზე.ბევრი ფიქრიც მისგან მერგო  მემკვიდრეობით,  რომელიც მისი სტიქიაა,დაუთვლელი აზრების კორიანტელი,რომელსაც ძლივს ვათქმევინებ ხოლმე.ყველაფერი რაც მას ეხება მეხება მეც,შეუძლებელია შენს ერთ ნაწილს სჭირდეს რამე და შენ სრულიად მშვიდად იყო,პირველ რიგში ჩემი მამაა და მერე სხვა დანარჩენი.როცა სახლში არ არის,მე მაცვია მისი ფეხსაცმელები,მისი ტანსაცმელი და ვაკვირდები უმნიშველო დეტალებს,რომელსაც მხოლოდ შვილები ხედავენ მამებში.მე ვერ ვეტყვი იმაზე დიდი მადლობას,ვიდრე ჩემი წარმატება და კარგი შვილობა.ყოველთვის მომინდება მიწერა და თქმა უმნიშვნელო წინსვლის,რომ გაეღიმოს და არაფერი მითხრას,“მე“-მ ყოველთვის იცის რას ფიქრობს  „მეორე მე“, როცა დუმს.და ბოლოს როცა დედაჩემი წაიკითხავს ამ ყველაფერს მინდა იცოდეს რომ თავის დროზე, ბაღში გააკეთა სწორი არჩევანი, როცა მამა აირჩია.

 

ხატია მარგველიძე

Categories: წერილები მამებზე | Tags: , | Leave a comment

წერილი თიკას

mama_wigni_wamikitxe (1)დღეს შენი დღეა ჩემო ტკივილო და სიხარულო, ჩემო უკვდავებავ, ჩემო თვალსაჩინო, ჩემო ტკბილო თიკუნა! ასე მგონია სულ მყავდი. ახლა აღარც კი ვიცი როგორ ვძლებდი უშენოდ. კარგ გუნებაზე ვარ და შენი დანახვა უფრო ბედნიერს მხდის, ვინმე მაწყენინებს და ისევ შენ ხარ მალამო და უებარი წამალი.

ერთი სიტყვით ენით აუწერელი სიხარული ხარ.  შინ რომ მეგულები გული არსად მიჩერდება, თითქოს ჯაჭვით მეწევი.  შენი ყურება, შენთან თამაში, შენი ენით ლაპარაკი ერთი დიდი ბედნიერებაა.  ფეხაკრებით შემოვალ შენთან, მძინარეს დაგხედავ და კიდევ უფრო ლამაზი მეჩვენები.

mama_wigni_wamikitxe (2)შეგრჩეს ეგ კეთილი სახე და ხასიათი, გიყვარდეს მოყვასი, პატივი ეცი შენი ერის წარსულს, გქონდეს მომავლის რწმენა, გეცოდებოდეს გაჭირვებულო, თვითონაც ღირსეული შვილები გაუზარდე ქვეყანას.

დღეს შენი დღეა ჩემო ტკივილო და სიხარულო, ჩემო ღვთაებავ და თვალსაჩინო, ჩემო ტკბილო თიკუნა.

მარად შენი მოსიყვარულე მამიკო მერაბ ფურცელაძე.

წერილი დაიწერა 1994 წელს.

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | Leave a comment

წერილი დათასა და ნიკოს

ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მონსტრებთან ომს და მე აუცილებლად ვისწავლი minecraft – ის თამაშს.

                                                                                                                    პატივისცემით  მამა.

ნიკოს ხელების  სახეზე ფათურმა გამაღვიძა.  უფრო ადრე –  სიცივემ. თითქოს  ყინულის მონსტრმა შემანჯღია. მარჯვნივ გადავბრუნდი და   პარალელურად საბანს  კისრიკენ ვექაჩები.11092695_546174445520577_287402096_n

ვიგრძენი ყველაზე დიდი შვება, სიხარული და  განცდა სიძლიერის, რადგან ცისვისგან ძლივს გადატრიალებულს  დამხვდი შენ,  ჩემო ნიკოლოზ.    მომაგონდა, რომ წუხელ შენ და დათა ჩემთან დარჩით.

ნაკვერჩხალივით ხარ, აპრილის ამ ძალიან ცივი ღამის მეექვსედში.   დათა შედარებით დაბალ რკინისფეხებიან საწოლზე  წევს, რომელიც დაძინებამდე ჩვენსკენ  ოთახის მეორე ბოლოდან მოვაჩოჩეთ.   დათას სწყინს, რომ შენ ჩემთან იძინებ და ის ვერ.  ამიტომაც, დავარბენინებთ ამ გასაშლელ საწოლს  ოთახიდან –  ოთახში.

 შენი ხელის ფათურმა კიდევ ერთხელ გამაღვიძა.  დილის 6 საათია. მეფერები და დამტვრეული ხმით მეუბნები, რომ გიყვარვარ,  რომ ყველაფერი რაც გაგაჩნია ჩემია.   შენი ცხვირი, თვალები, მუცელი, მუხლებზე დახეული შენი საღამური, თმა და წიწილის სურნელება.

დათა 07:15 წუთზე გავაღვიძეთ.  მანამდე, მე და შენ ერთად შევბრაწეთ კვერცხიანი პურის ნაჭრები.  უფრო ადრე  დოროთე გვეგლისებოდა ფეხებზე,  გვეგლისებოდა და  კნაოდა.

დათა, მამ, გაიღვიძებ?

რადგან ვიცი, რომ დილით შესაძლოა უმიზეზოდ მეჩხუბო, ამიტომ ძალიან ვცდილობ  შენი გაღვიძების საუკეთესო ფორმა შევარჩიო. ამჯერად ხელებზე გეფერები,  ძალიან ჩუმად გეძახი –  დათა, დათი, მამ…

გაიღვიძებისთანავე  გეხუტები გკოცნი, რომ არ გაბრაზდე.

11100814_546174438853911_830940715_o8 საათზე მოვიდა სამარშუტო ტაქსი, რომლითაც  სკოლაში დადიხარ.    შენ ძალიან დიდი ხარ, ნიკოზე, ჩემზე, სამყაროზე უფრო დიდი და ძლიერი.  დიდი თვალები გაქვს, პლანეტა დედამიწას ჰგვანან.

ჩვენ რომ  სამყაროში  ადამიანების ნაცვლად  ძაღლებად,  შაშვებად, ვირთაგვებად ან ხეებად დავბადებულიყავით, მაშინაც ასე გიჟივით მეყვარებოდა  თვენი  ხმა,  ნიკოს წიწილის სურნელება, თითები. შენი  სათვალის ოთკუთხა ჩარჩო,  ნიკოს მუხლებზე დახეული   საღამური ,  გასული კვირის ხუთშაბათს ერთად  რომ  დავკემსეთ მეზობლისგან ნათხოვარი წითელი ძაფით.

დავით ქაშიაშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | Leave a comment

წერილი ანანოს

                                                                7 წუთია 8 რიცხვი დაიწყო, თვე აპრილი, წელი 2015, ამას რომ წაიკითხავ აუჰ, ეს როდის იყოო იტყვი, ალბათ.10557179_870718669623725_9005988212427014135_n

მე წერა დავიწყე. შენ გადაბრუნებულხარ კედლისკენ და ხვრინავ. რა გენაღვლება, მე რომ  ამ წერილის გარდა ორი სკეტჩი მაქვს ტელევიზიისათვის ასაწყობი. რაც მე და შენს გარშემო სასაცილო ამბები ხდება ყველაფერი მინდა რომ გესმოდეს მამი, მაგრამ შენ მარტო ჩვენი ოჯახის ამბები გაინტერესებს და სხვისაზე ჯერ არ გეცინება. რომ გაიზრდები ნეტავ მაშინაც ეგრე იყო. გუშინ, საავადმყოფოში რომ ვიყავით, არ გემახსოვრება ეხლა შენ, ანალიზების რიგში თოთხმეტჯერ მიგასწარი ტრავმატოლოგის კაბინეტთან, ჩვენი საქციელის დედას ცოტა შერცხვა მაგრამ,  ვიღაც ბიჭმა რომ ძალიან დიდი ქილა ჩადო ანალიზების ყუთში და მიმღებ გოგოს მომხიბლავად  გაუღიმა, დედას ცოტა მოეშვა.

მამა, შენ ალბათ, აღარ მთხოვ „მამა წიგნი წამიკითხე“-ს და აღარც ისეთ კითხვებს დამისვამ როგორსაც ეხლა მეკითხები თუ გინდა გეტყვი რამდენიმეს. არა? კიი? კაი გეტყვი.

„მამა, ბებო სად გაიცანი?“
„ მამა, ნიანგსაც უნდა მწვანე რომ იყოს თუ ისეა?“
„ მამა, ბიძინა ვინ არის?“

„ მამა, მე პატრონი მყაავს? ბაღში ერთ ბავშვს ჰკითხეს და მაინტერესებს“
„ მამა, ნახევარი ჭიაყელა გავუშვი და ხო სიკეთეა?“
„ მამა, მაიონეზს რატომ ვყიდულობთ არ შეიძლება ჩვენით მოვიპოვოთ?“

ამ კითხვებზე ეხლა დაგცინი ხოლმე და შენ იბერები. მინდა და დაგცინი, ბოლოს და ბოლოს მამაშენი ვარ, შენზე უფროსი ვარ და ფლეისთეიშენს როცა ვთამაშობთ ყოველთვის მე გიგებ.

ხვალ ბებო ჩამოვა მაა, ახალი ფეხსაცმელები გიყიდა და გაგახარებს, ამ კვირაში უკვე მეორედ ყიდულობს შენთვის ფეხსაცმელს. ალბათ, გულს იფხანს. იმიტომ რომ სკოლაში, ჩემს კლასში სულ ორ ბავშვს თუ უყიდდნენ ფეხსაცმელს, ერთი პოლიციელის შვილი იყო, მეორე ქურდის. იმედია, როცა ამ წერილს წაიკითხავ, ამ ორიდან მარტო პოლიციელი გეცოდინება რა არის.

დაუჯერებელია, მაგრამ მაშინ ეგეთი დრო იყო მა, შენ ხომ ვერასოდეს დაიჯერებ, რომ ჩემს ბავშვობაში კვირაში ერთხელ შუქის მოსვლას  უბნის ბავშვები ისეთი ყიჟინით და ღრიალით  ვხვდებოდით, რომ ნებისმიერი ჰოტენტოტების ბელადი ალბათ, შურით გასკდებოდა.

მეტირება, რომ ვხედავ რომ წიგნის კითხვა უფრო ძალიან გიყვარს, ვიდრე მე შენს ასაკში, ჯერ შენ კითხვა არ იცი მაგრამ ნეტავ შენი სახე დაგანახა, როგორი გაფართოებული თვალებით მიყურებ ხოლმე, როცა წითელქუდას სცენარს შევცვლი და გიკითხავ, თუ როგორ გადაყლაპა მგელმა წითელქუდაც, ბებიაც, წითელქუდას დედაც, მონადირეც, მერე ნივთიერებათა ცვლა დაერღვა და სიმსუქნით მოკვდა.  ეს იმიტომ, რომ ნამდვილი ვერსია ჩვენ უკვე სამოცჯერ მაინც წავიკითხეთ. მალე კითხვას გასწავლი მა, ოთხი წლის რომ გახდები, მაშინ. კითხვას რომ ისწავლი აუჰ, რამდენი მაგარი რამე გაქვს წასაკითხი. ნეტავ, მეც წაუკითხავი მქონდეს ყველა ზღაპარი.  წიგნის კითხვის დროს ყველაზე ბედნიერი ხარ ხოლმე მა, რა შეგიშლის ბედნიერებაში ხელს, შენ რა იცი, რამდენი დამრჩა ბარათზე ხელფასამდე.

ამ წერილში ბევრ რამეს ვერ დაგიწერ მამი, მაგრამ გული არ მწყდება, იმიტომ რომ შენ როცა დიდი იქნები, ჩემი ყველა წიგნი დაბეჭდილი იქნება და იქ წაიკითხავ ყველაფერს, ბევრი ცუდი და კარგი ეწერება იმ წიგნებში მაგრამ შენ მაშინვე იგრძნობ რომელი ადგილებია შენი პატარა გულით გამთბარი. აეხლა ამებღავლა კინაღამ, ისევ რა. დავამთავრებ წერას, თორემ ჩემი ტირილი მეორე კლასის შემდეგ არავის. გკოცნი.

შენი მამა

 აკა სინჯიკაშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 2 Comments

წერილი კახას

წერილს მეორედ გწერ. პირველი ჯერ არ გინახავს. იმ დღეს დავწერე, როცა ქვეყანას მოევლინე, როცა ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ძალიან მომინდა შენს მომავალს გავსაუბრებოდი.

_MG_6750

ამ წერილის იდეა სხვებს ეკუთვნის. მომეწონა, რადგან, ვინ იცის, „მეორე წერილს“ ჩემით როდის მოვაბამდი თავს. წერა ძალიან მიჭირს. არადა, იმ პირველის შემდეგ სულ გწერ, სულ გესაუბრები – გულში თუ ცხადში და ახლა ეს ამბავი კარგი საშუალებაა ამ საუბრების ნაწილს თავი მოვუყარო.

არ მინდა შეგონებები გამომივიდეს. უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიარო. თუ რამე გამოგადგება, გამიხარდება. შეიძლება რაღაც გაითვალისწინო, რაღაცამდე კი თავად მიხვიდე. შეიძლება რამეს არასწორად ვხედავ, რა ვიცი… დიდი თეორეტიკოსი კი მყავხარ და მოკლედ, შენ იცი!

ეცადე შეიცნო, ვის უყვარხარ გულით და შენც გულით შეიყვარე. ამ გახსენებაზე: გულს ხშირად უგდე ხოლმე ყური. კაი ვინმეა, მეგობრადაც გამოგადგება და მასწავლებლადაც.

ეცადე არ ეჭიდაო მოყვასსა თუ  მოძულეს წვრილმანებზე. ეცადე დაუთმო, ეცადე გაატარო.

ეცადე ერთი ჩხირიც არ დათმო, როცა საქმე შენს ფუნდამენტურ ფასეულობებს ეხება – შენს რწმენას, შენს ქვეყანას, შენს მოყვასს…

ეცადე ყველგან, ყველა სიყვარულში უანგარო იყო.

ეცადე არავისი გეშინოდეს, არავისი, საერთოდ არავისი.

სულ ეცადე შინაგანად თავისუფალი იყო. ეცადე ნაკლებად იყო ვინმეზე დამოკიდებული და ჩამოკიდებული.

ეცადე ყოველთვის გახსოვდეს სულ მცირედიც კი, რაც შენთვის გაუკეთებიათ და ეცადე ასმაგად მიუგო ცხოვრების მანძილზე.

ეცადე მაგრად დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას. მას შემდეგ კი, რაც გაიმარჯვებ (და გარწმუნებ, აუცილებლად გაიმარჯვებ), ეცადე მხოლოდ სიკეთით გადაუხადო სამაგიერო.

ეცადე იშვიათად იყო კატეგორიული, იშვიათად დაარქვა „თეთრი“ და „შავი“.

ეცადე ყოველთვის ღირსეული მოწინააღმდეგე იყო. მაშინაც, როცა იქით მხარეს უღირსად იქცევიან.

ეცადე არასოდეს იყო ის, რაც შენ არ ხარ.

ეცადე არასოდეს მოიტყუო, არასოდეს.

ეცადე ღვთის წინაშე მართალი იყო. ნუ ეცდები ყველასთან მართალი იყო.

ეცადე კბილებით დაიცვა მართალი კაცი.

ეცადე არაფრად გიღირდეს არანაირი თანამდებობა.

ყოველდღიურად ეცადე სითბო არ მოაკლო ბებია-ბაბუებს. ეცადე გაუფრთხილდე მათთან გატარებულ ყოველ წამს. ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს.

ეცადე სულ გახსოვდეს შენი მშობლები. ეცადე ხშირად გაიხსენო, როგორ სიამოვნებას ანიჭებ მათ სულ მცირედი ყურადღებითაც კი.

ეცადე ისწავლო ყველა შენი წინაპრის სახელი, რომელიც კი გვახსოვს და ყოველი შესაძლებლობისთანავე ეცადე შეიარო მათ საფლავებზე, როცა იქით მოხვდები, ორი წუთით მაინც.

ეცადე არასოდეს უთხრა უარი დახმარებაზე მოყვასს, რომელსაც ეს ჭირდება – ნაცნობსა თუ უცნობს. ეცადე სულ გახსოვდეს, რომ ამით საკუთარ სულსაც ეხმარები.

ეცადე სულ გახსოვდეს შენი ქვეყანა და სულ ცდილობდე საქმით ემსახურო.

ეცადე შეიცნო შენი ქვეყანა. ეცადე სულ იარო და სულ მოიარო.

ეცადე არასოდეს დაივიწყო აფხაზეთი და არც ერთი გოჯი დაკარგული ტერიტორიისა, რა დროც არ უნდა გავიდეს.

თუ უცხოეთში მოგიწია ყოფნა, ეცადე ზურგი არ შეაქციო ქართველებს, რაც არ უნდა გული აგიცრუოს ვინმემ.

თუ უცხოეთში მოგიწია ცხოვრება, ეცადე ეს დროებითი იყოს და ეცადე შენს სამშობლოში დაუბრუნდე.

ეცადე შეცვალო შენი ქვეყნის ბედი. შენი წილი ეცადე.

ეცადე გაუფრთხილდე დროს. არ არის იმდენი დრო, შენგან რომ ჩანს.

ეცადე არასოდეს იყო პათეტიკური და ყოველთვის უბრალოდ თქვა დიდი სათქმელიც კი.

ეცადე ყოველთვის არ თქვა შენი სათქმელი. ხან კი ეცადე დაურიდებლად თქვა. ეცადე კარგად გაარჩიო – როდის რომელი.

ეცადე არასოდეს დაკარგო რწმენა. ყოველ ჯერზე ეცადე ხელახლა წამოდგე და ეცადე არასოდეს დანებდე.

ეცადე არასოდეს აგიცრუვდეს გული კაცთა მოდგმაზე. ეცადე მიმოიხედო ხოლმე და აუცილებლად დაინახავ ადამიანებს, რომლებიც დაგიბრუნებენ რწმენას.

ეცადე სულ იბრძოლო, სულ. ეცადე სულ გახსოვდეს ძველი წარწერის ტექსტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე – „დექით მტკიცედ და შეურყევლად“.

ეცადე სულ ელაპარაკო საკუთარ თავს, სულ შეიცნო და სულ აკვირდე. ეცადე თავი შენი შენ გახლავდეს სულ. ეცადე სულ იპოვო შენი შეცდომები. ეცადე სულ ინანო შენი შეცდომები.

ეცადე ყოველთვის იქ იმსახურო, სადაც ღმერთი დაგადგენს.

ეცადე ამოიცნო გზები, რომელსაც ღმერთი ყოველთვის გიჩვენებს. როცა ვერ ხვდები საით წახვიდე, ეცადე მიენდო განგებას.

ეცადე სულ ახლის ძიებაში იყო, სულ ინიციატივებში, ეცადე არ ჩაგითრიოს ერთფეროვნებამ. ეცადე არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით, ყოველი საქმის დასრულების შემდეგ ეცადე მაშინვე ახალს შეეჭიდო.

ეცადე არაფერი დააყენო საკუთარ ღირსებაზე მაღლა, თუმცა ეცადე ეს არასოდეს გადაზარდო ქედმაღლობაში.

ეცადე ნაკლებად იყო სუბიექტური. ეცადე სულ გახსოვნეს, რომ მედალს ორი მხარე კი არა, უამრავი რაკურსი აქვს.

ეცადე არასოდეს გათითოკაცდე.

რასაც არ უნდა მიაღწიო, ეცადე ყოველთვის შეახსენო თავს, რომ ერთი ჩვეულებრივი, სხვაზე არაფრით უკეთესი ადამიანი ხარ.

ეცადე ყოველთვის შეამჩნიო „რიგითი“, ჩუმი, სულ-სულ ბოლოში მჯდარი ადამიანები.

ეცადე ყოველთვის დაუფასო, ვისაც წვლილი მიუძღვის.

ეცადე ის დრო, სხვისი განკითხვისკენ რომ მირბის ხოლმე, საქმისკენ შემოატრიალო.

ეცადე არასოდეს დაკარგო წონასწორობა, არ გამოხვიდე მწყობრიდან – მაშინაც, როცა თვლი, რომ ძალიან უსამართლოდ გექცევიან.

ეცადე ხშირად შეხედო იუმორით არემარეს.

ეცადე ყოველთვის იყო მზად.

ეცადე თავი არასოდეს იქო. როცა გაქებენ, ისიც ეცადე სტიმულად გარდაქმნა.

ეცადე კვალი დატოვო, შენი საკუთარი კვალი.

ეცადე გიყვარდეს, სულ გიყვარდეს.

ბოლოს ორ თხოვნას მოვაყოლებ, „ეცადე“-ების გარეშე:

გთხოვ არასოდეს დაივიწყო შენი ფუძე, შენი მამული სოფელ ნაგვაზაოში;

შენი წინაპრების პატივისცემის ნიშნად, გთხოვ, მეგრული და სვანური ისწავლო.

ამ წერილმა კიდევ ერთი საშუალება მომცა – მეთქვა ის, რაც შენთვის არასოდეს მითქვამს:

მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც შენი არსებობის მანძილზე მანიჭებ – მუცლადყოფნიდან დღემდე.

ძალიან მიყვარხარ.

გზას დაგილოცავ…

ბუბა კუდავა

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 4 Comments

წერილი ირინას, თამარს და ანას

giokდღეს კვირა დღეა. თქვენ ეზოში ბურთს თამაშობთ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ჩემი დიდი გოგოები ირინა და თამარი  ანას  ბურთს ეთამაშებით. მე აივნის მოაჯირს იდაყვებით ვეყრდნობი და ზემოდან დაგცქერით..
„როგორი მამა ვარ?“ –  ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მაქვს. მაგარი მამა მამაჩემი იყო (თუმცა, რატომ იყო? 90 წლისაც მაგარი მამაა). ვერ ვჯობივარ მამაჩემს მამობაში.  მეც მამაჩემივით  ვცდილობ კარგი მამა ვიყო –  თქვენი მეგობარი. მინდა თავისუფლები გაიზარდოთ, ისწავლოთ ის,  რაც გაინტერესებთ. არ მინდა რამე თავს მოგახვიოთ,  არც პოზიტიური ზეწოლა მიყვარს და არც ნეგატიური. შვილები მშობლებს უნდა ენდობოდნენ. მგონი მენდობით.. უნდა გრძნობდეთ, რომ ვხვდები – თქვენ გაიზარდეთ. ვიცი, თქვენი თაობა სხვა თაობაა და მე უნდა დაგეწიოთ. შვილებს უნდა სჯეროდეთ, რომ მშობლის რჩევა ფასეულია და რჩევის მიცემამდე ბევრი აქვს ნაფიქრი და რაც მთავარია, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ არასოდეს მოატყუებ. ვახერხებ? ალბათ, ყოველთვის ვერა.

კიდევ კარგი, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წუთიერი შეგრძნებაა  და მეტი არაფერი. განა მე და თქვენს, უფრო სწორედ, ჩვენს შორის, ყველაფერი სულ სხვაგვარად  არ არის? განა ჩემსა და თქვენს ურთიერთობაში,  როგორც ჩვენ, დიდები ვამბობთ ხოლმე – „ყველაფერი რადიკალურად  შესაცვლელია“?!  არადა, მაინც ყველაფერი ისე როდია, როგორც მე და თქვენ ერთობლივად ვისურვებდით. ვიცი, მეტი თავისუფლება გჭირდებათ. ისიც ვიცი სხვადასხვა ასაკის ხართ და ჩემგან  განსხვავებული შეხედულებებიც გაქვთ  ამა თუ იმ თქვენთვის, ან იქნებ მხოლოდ ჩემთვის საინტერესო საკითხზე?! იყო დრო,როცა ყველაფერ ამას  ზედმეტად განვიცდიდი. მერე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი როგორი მამა გჭირდებათ თქვენ და რომ ასაკის მატებასთან ერთად, მეც მეტი უნდა მესწავლა. მამობის გამოცდილება  ხშირად რომ ვერ მშველის, იცით? ირინა სულ არ ჰგავს თამარს, თამარი კიდევ ანას და მე, დედიკოსთან ერთად უნდა მეპოვნა ამ განსხვავებებთან შეგუების საშუალებები.

იცით, ყოველთვის ვიცოდი – მოვიდოდა დრო და რომელიღაც სამშობიარო სახლიდან თეთრხალათიანი ქალბატონი გამოვიდოდა და შვილის დაბადებას მომილოცავდა.  ისიც ვიცოდი, ძალიან რომ გამიხარდებოდა და უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი მთელი დედამიწის ზურგზე. ერთადერთი, რაზეც არ მიფიქრია, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა იყო! შენ ხომ მამა გახდი! პასუხისმგებლობა დიდი ხნის მერე მოვიდა. ვიცი, ცუდია ასე რომ იყო, მაგრამ ესეც ხომ უნდა მეთქვა?!  ჩვენ ხომ კარგა ხანია შევთანხმდით, ერთმანეთს არასოდეს მოვატყუებდით..

თქვენ თამაშს აგრძელებთ, მე თქვენზე – ფიქრს.
რას არ მივედ-მოვედე და სათქმელი სანახევროდაც ვერ გითხარით.
ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემთ-მეთქი, კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, განა ამისთვის წერილის მოწერაა საჭირო? წერილი ხომ არა მხოლოდ სიტყვებს, ფრაზებს, აზრებს ინახავს?!  წერილი  ადმიანის განწყობას ყველაზე კარგად გადმოსცემს. წერილში შეცდომების აღიარებაც ადვილია, მონანიებაც და რჩევის მიცემაც… დაგვიანებული ხომ არ არის უკვე? ღმერთო ჩემო,  რა დიდები ხართ და რა კარგები – 8 წლის ანაც კი უკვე დიდია. ირინა  და თათა, აბა, თქვენზე რაღა ვთქვა?! რომ იტყვიან თვალსა და ხელშუა იზრდებით. ზუსტად ისეთები ხართ, თქვენს ასაკს რომ შეეფერება.  ლამაზები, ჭკვიანები, ნიჭიერებიც…
აბა, აბა, ამომხედეთ  ქებამ ხომ არ გაწყინათ?! ჰო, ხანდახან   ცელქებიც ხართ და ზარმაცებიც. მერე რა, დრო მოვა და  წლები მეტ სიბრძნესაც მოგიტანთ და მეტ სიდინჯესაც.

აბა, ამჯერად მეტი რა გითხრათ?! იყავით ისეთები, როგორებიც ხართ და შეეცადეთ, ოდნავ მაინც შემცვალოთ. მანამდე კი ითამაშეთ. ჯერ ნუ ამოხვალთ, დამელოდეთ, მეც მინდა თქვენთან ერთად ვითამაშო.

ჰოდა, რადგან ასეა,  ვეშვები…

გიორგი კილაძე

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , , | 2 Comments

წერილი თევდორეს

თევდორე, შვილო, ვიცი რომ ამ წერილს ჯერ ვერ წაიკითხავ. მოსმენის დროსაც კი, ჯერ ყველაფერს ვერ გებულობ, მაგრამ მაინც გწერ. გწერ კარგი პროექტის დამსახურებით, რომელსაც “მამა, წიგნი წამიკითხე” ქვია.
ჩვენც ხომ გვიყვარს წიგნები?!
lipრამდენიმე დღეში 2 წლის გახდები, შენ კი უკვე რახანია შენს ენაზე კითხულობ. მე ეს ენა ძალიან მიყვარს. მიკვირს მოსფლიო ენებს რატომ არ უმატებენ ბავშვთა ენას. ალბათ, ჯერ ვერ ხსნიან და ვერ იგებენ მის იდუმალებას. ვიცი, რომ მომენატრება ამ ენის მოსმენა. მინდა, სულ შენს ფოტოებს და ვიდეოებს ვიღებდე, რომ შენი ცხოვრების, ზრდის, მხიარულების კადრები დავიმახსოვრო.
ამ წერილს ჩუმად გწერ, ჯერ დედამაც არ იცის. ისე დედამ კარგი მეტსახელი შეგირჩია – ბედნიერას გეძახის. სულ მხიარულობ, საქმიანობ (უფროსებიმ თამაშს რომ ეძახიან) და ჩვენც გვასაქმ-გვამხიარულებ. შენს სახელს რაც შეეხება, მე და დედამ სახელობანაც კი ვითამაშეთ, რომ მოგვეფიქრებინა, თუ რა დაგვერქმია შენთვის. მატარებლით ვმგზავრობდით, დროც გვქონდა და სურვილიც რომ შენთვის კარგი სახელი შეგვერჩია. მაშინ თევდორეც ვახსენეთ, მაგრამ ჯერ არ გვქონდა გადაწყვეტილი. რომ დაიბადე, ვთქვი, რომ შენი სახელი თევდორე “გასროლილი მუშტივით” ჟღერს. ახლაც ასე ვფიქრობ. მაგრამ ეს ცუდად არ გაიგო, შვილო, მე ძალადობისკენ კი არა სიძლიერისკენ მოგიწოდებ. ნეტავ რამდენი წლისა წაიკითხავ ამ წერილს?!
ყველაზე მეტად შენი ბავშვური კითხვებიდან მომწონს – “ეს რა არი?” სურვილი ყველაფრის შეცნობის, განვითარების, გულწრფელობის. მიყვარს, რომ გიხარია ხატვა, ცხოველები, ადამიანები…
ახლა ამ წერილს ვწერ, ვიცი შენამდე სხვები წაიკითხავენ. მაგრამ, მჯერა, შენამდეც მოვა.
ერთხელ, შენს დაბადებამდე მე და დედაშენმა “წერილი ბოთლში” ვითამაშეთ. წერილები დავწერე და ბოთლით “შეფუთულები” ზღვაში მოვისროლეთ. დავთქვით, თუ ვიპოვიდით, ერმანეთი ძალიან დიდხანს გვეყვარებოდა. დინებამ შორს წაიღო ჩვენი ფიქრები. დღემ გვერდი იცვალა და საღამოს თამაშის ადგილიდან მოშორებულებმა, ჯერ ერთი და მერე მეორე ბოთლი ვიპოვეთ. გულიანად გავიხარეთ. იქნებ, ის წერილებიც ნახო მერე, შვილო, ვიცი ამ წერილსაც იპოვი ელექტრონულ ზღვაში. იცი გული რაზე მწყდება?! მამაჩემი რომ ვერ გაგაცანი (შენს დაბადებამდე 13 წლით ადრე გარდაიცვალა). რაღაცნაირად სიცოცხლისა და მამური სიყვარულის პატარა ჯაჭვი ერთად ვერ შევიგრძენით. მაგრამ შენ იყოჩაღე! მომავალში შენი შვილი გამაცანი. ამით დავიიმედებ გულს.

ახლა ქერა ხარ. მთავარი კითხვა არის არა  – “როგორა ხარ”, არამედ – “ვის გავს?” შენ გავხარ შენს თავს და ეს მახარებს. კითხვას მოსდევს ახალი ფრთიანი ფრაზა – მალე გაუმუქდება თმები. სასაცილოა. თითქოს ამაში იყოს რაიმე სიბრძნე, ან მცირე აზრიც. როგორ მიხარია, რომ ამ კითხვებს და რეპლიკებს ვერ გებულობ. როგორ მინდა ვიცოდე რას ფიქრობ, რა გესიზმრება.. შენს ცხოვრებაში კი არ ვიქექები, შვილო, ისე, გულწრფელად მაინტერესებს.
კიდევ ერთი პოპულარული შეფასება – “მხატვარი გამოვა”.. მანქანები უყვარს?! – “შუმახერი იქნება”! და ასე დაუსრულებლად. შვილო, ერთს მოგწერ – არა აქვს მნიშვნელობა ქერა გაიზრდები თუ შავგრემანი, მხატვარი იქნები თუ “მემანქანე”, მთავარია, რომ ბედნიერი იქნები. მე ვცდილობ ვისწავლო და ვეცდები შენც გასწავლო – შენგანაც ხომ ვსწავლობ ბედნიერებას. ცხოველებიც რომ ვყოფილიყავით მაშინაც ასე გიჟურად მეყვარებოდი, რადგან ახლაც ვგრძნობ რომ არაადამიანურად მიყვარხარ. ვერც წერილით გადმოვცემ, ვერც ნახატით, ვერც თამაშით, მოფერებით და ვერც სხვა შესაფერის ემოციას ვპოულობ. ჰო, მართლა, სანამ წერტილამდე მივალ, მადლობასაც გეტყვი, შვილო, შენი დაბადებით რომ სამყარო სხვანაირად დამანახე, დამაფიქრე და გამამათამამე.
ახლა შენ და დედას გძინავთ. დილით რომ გაიღვიძებ ფანჯრიდან ისევ გავიხედოთ, ახალ დღეს დაგანახებ..

პატივისა და გულისცემით, შენი – მა, მამა, მამი, მამიმა, გიუ, გიო, გიორგი, გიორგა (ჯერჯერობით მხოლოდ ამ სახელებით მომმართავ)

გიორგი ლიპარიშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 1 Comment

წერილი ნენეს

LADOმამი, ახლა შენ ბაღში ხარ. შენ მეგობრებთან ერთად თამაშობ და არც იცი მე რას ვაკეთებ. ალბათ 6-7 წლის მერე მიხვდები, მაშინ როცა ამას წაიკითხავ.
მამიკო, გადავწყვიტე წერილები მოგწერო. გპირდები, თვეში ერთს მოგწერ. მერე დიდი გოგო რომ იქნები, ერთად წავიკითხოთ და ბევრი ვიცინოთ ხოლმე. იცი, როდის მომივიდა წერილების წერის აზრი? – გუშინ რომ ვლაპარაკობდით და შენ რომ მთხოვე – მამიკო, დიდი რომ გავხდები, ხომ ისევ ასე ვილაპარაკებთ?!

ვილაპარაკებთ აბა რა, ჩვენ ხომ ძმები ვართ. ადრე ვიყავით “ძმაკაცები”, მაგრამ ახლა ნამდვილი ძმები ვართ.

ყოველდღე რომ დავწერო კარგი იქნება, მაგრამ ხო იცი რა ზარმაცია შენი მამიკო.

ნენე, გუშინ ლექსი დაწერე:

“- კურდღელო, კურდღელო, დღეს ხომ მოხვლო?
– ვერაო, ავად ვაროა
– მერე სტაფილოო?
– ავად კი ვარ, მაგრამ სტაფილოს მოვიტანო”

ასეთი კარგი ლექსი არასოდეს მომისმენია. შემპირიდი რომ კიდევ დაწერ. შენ მე არასოდეს მატყუებ და ველოდები როდის დაწერ.

გუშინ, ქუნთრუშა ბატონები გააცილე და სამ კვირიანი შესვენების მერე ბაღში წახვედი. იცი როგორ გიხაროდა. სახე გიბრწყინავდა, რომ შენი მეგობრები უნდა გენახა. საღამოს გამიმხილე

– მათე, ჩემთან არ დაჯდა. უბლალოდ, გამიცინა და ლოყაზე მომკიდა ხელები. სველი ხელი ქონდა და შემცივდა.

ძალიან მიხარია რომ უკვე ბევრი მეგობარი გყავს.

მამი, დღეს ერთად წავედით ბაღში. ხელი რომ მომკიდე გაგიკვირდა, რომ ხელთათმანი არ მეკეთა და შემპირდი დიდი როცა გახდები მიყიდი, თან “პაიპერმენი” რომ ახატია ისეთს. იცი, რამდენი რამის ყიდვას დამპირდი როცა დიდი გახდები?! მანქანასაც კი შემპირდი, ოღონდ სათამაშოს, რადგან დიდ მანქანას (პაპას რომ აქვს ისეთს) ვერ მომიყვან, რადგან დიდია და ხელში ვერ აწევ. იცი, კიდევ რა მითხარი?! – დიდი რომ იქნები, თურმე იმიტომ მიყიდი რაღაცეებს, რომ ამ დროს მე ვიქნები პატარა . ასე გგონია, მე და დედიკო ბაღში ვივლით და წინასწარ გიხარია, რომ შენ უნდა წაგვიყვანო.

– აბა თუ დიდები იქნებით, მე ლოგოლ გიყიდით?! – ასე გაგიკვირდა, როცა გითხარი, მე არ დავპატარავდები–მეთქი.

ახლა რომ ვწერ, თან საათს ვუყურებ, დღეს მე უნდა გამოგიყვანო ბაღიდან და მიხარია. ერთ რამედ ღირს შენი გამოქანება, რომ დამინახავ ხოლმე. როგორც დაგპირდი “ლიფტის ბულკს” (ბლითს) მოგიტან.

მოკლედ, პირობას გაძლევ – კითხვას რომ ისწავლი, ორმოცდაათი  წერილი მაინც გექნება წასაკითხი. ამ წერილებს მარტო იმის პრეტენზია აქვს, რომ შენი ბავშვობა გაგახსენონ და მარტო ჩემი და დედიკოს მოყოლილიდან არ იცოდე რა ტკბილი ბავშვი იყავი. ძალიან ბევრ რამეს მოგიყვები, ვეცდები ყველა დეტალი შეგინახო და გაგახსენო, მაგრამ, თუ რამე გამომრჩა, უნდა მაპატიო.

მიყვარხარ.

შენი მამიკო/ძმა ლადო

ლადო გოგოლაძე

ჟურნალისტი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 2 Comments

წერილი ნიკოლოზს, დემეტრესა და სანდროს

ნიკნიკკათას რამეზე ვფიქრობ ხოლმე და ხანდახან ხმამაღლა გამეფიქრება – ღმერთო, ამ ქვეყნიდან ისე ნუ წამიყვან, ჩემს ბიჭებთან ერთად, ერთხელ მაინც ლონდონურ დერბიზე რომ არ მამყოფო-მეთქი.

არსენალი – ტოტენჰემი.

არ მეეჭვება, რომ ფეხბურთი ეყვარებათ. ამ სიყვარულში – და საერთოდ ბევრი რამის სიყვარულში – გენეტიკა ისე მძაფრადაა ჩარეული, იმდენად მიკერძოებულია, რომ ხშირად სხვა ინტერესებისთვის ადგილს არ ტოვებს. თავის დროზე, მთელი ხუთი წელი ამიტომაც დავივიწყე სხვა დანარჩენი – მამაჩემმა გამოსავალი არ დაგვიტოვა. და კიდევ, ჩვენ (მე და ჩემმა ძმამ) თვითონვე მოვიჭერით ყველა გზა, რომელიც სტადიონისკენ არ მიდიოდა.

ამათ რომ ვუყურებ, მგონია, რომ Emirates Stadium-ზე ჯდომა არ აგვცდება. წლების წინ, დემეტრესთან ერთად იმ დრამატული მატჩის პირველ ტაიმს ვუყურე – ინგლისმა რომ პენალტებით დათმო იტალიასთან, და 45-ე წუთზე ჩაძინებული დემესი შემშურდა. ორი თვისა კი იყო, მაგრამ ყველაზე უკეთესი გზა გამონახა იმ სიგიჟისგან გამოსაქცევად. უფრო სწორად, ჩემი და ინგლისის მილიონობით ქომაგისგან განსხვავებით, ღმერთმა დაინდო უცოდველი არსება და ორსაათიანი ნევროზის ნაცვლად ტკბილი ძილი გამოუცხო.

საღამოობით ისე ხდება, რომ ბიჭებთან ერთად პრემიერლიგის მიმოხილვას და ანონსს ვუყურებ. ნიკო თავიდან კი გააპროტესტებს, მაგრამ მერე საყოველთაო ინტერესს აჰყვება და ერთნაირი ყურადღებით შეუძლია უცქიროს არსენ ვენგერისა თუ ალან პარდიუს გაწვრთნილ გუნდებზე წამოწყებულ სჯა-ბაასს და პროგნოზებს.

რაც შეეხება სანდროს, შინაურობაში სანტის (იხ. სანტი კასორლა),  მამისგან შვილის ქებას არასდროს მივესალმებოდი, მაგრამ ლონდონურ დერბიზე ჩემი ემოციის გამზიარებელი ალბათ ეს, ზაფხულის პირველ, საფეხბურთო თვეში დაბადებული ბიჭი იქნება. და ისევე არ გაიკვირვებს ჩემს შეურაცხადობას, როგორც ეს ბაბუაჩემს გამოუვიდა, როცა თავის შვილებთან ერთად თბილისის „დინამოს“ საშინაო თამაშზე ამოყო თავი. იქ ეტყობა ნამდვილ სიგიჟეს ჩახედა თვალებში. „არ მინდა მაჩაიძე! პასი მაჩაიძე! არ მინდა მაჩაიძე!“ – გაყვიროდნენ წესიერი და მამისგან ნაქები ბიჭები და სახე ჰქონდათ წაშლილი.

დღეს ეს სიგიჟე და მარილი ქართულ ფეხბურთს თითქმის აღარ შერჩა, და ალბათ ამიტომაცაა, ჩვენი ბავშვობიდან ყველაზე მძაფრ, ენერგიულ, ექსცენტრულ, მოულოდნელობებით სავსე საფეხბურთო ტალღაზე – ინგლისის პრემიერლიგაზე რომ ავეწყვეთ. ჩრდილოეთ ლონდონური დერბი კი, ისევე როგორც ყველა დერბი (რომაული, მანჩესტერული, გლაზგოური, მილანური) ნამდვილი ბრძოლის ასპარეზია. ბრძოლისა და იმ ყველაფრის, რაც კი შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში ნახოს და გამოსცადოს: ნიჭის გაბრწყინება, ვნებებისა და ემოციების ამოფრქვევა, დაუნდობელი ბრძოლა ყოველი გოჯი მიწისთვის, მოპოვებულის დაცვა, პროფესიონალიზმის უპირატესობა, საჭირო დროს და საჭირო ადგილას ყოფნის მნიშვნელობა, მოთმინება და ნებისყოფა – მთავარი ადამიანური ღირსებები…

მეეჭვება, შვილებთან ერთად სადმე სხვაგან ნახო ამდენი რამე. თამაშს უყურებდე და ბრძოლაში გეგონოს თავი. ბრძოლაში იყო და თამაშის ბოლოს ტაბლოზე მიწერილმა ციფრებმა გადაწყვიტოს გამარჯვებული.

თამაშიც და ბრძოლაც. ბრძოლით თამაში. ცხოვრებაც ხომ ესაა.

ზვიად კვარაცხელია

მწერალი, გამომცემელი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , | 1 Comment

წერილი ქრისტინეს

10389021_10202207002388776_3871396744115729810_n

ერთი წერილი არაფერი არის. ერთ წერილში თითქმის ვერაფერს მოასწრებ და ვერაფერს იტყვი. ერთი სიცოცხლეც არაფერი არის, თუმცა მაინც ოდნავ მეტია, ვიდრე ერთი წერილი. ჰოდა ერთი გაქვს და ეცადე ხეირიანად დახარჯო, დიდი ხნის მერე არ იფიქრო, რომ არ ღირდა და არ დაგენანოს.

ხშირად ვფიქრობ რა მინდა შენთვის და იმ სიტყვებში, რომლებითაც ჩემი შენდამი სურვილები შეიძლება აღიწეროს, ყველაზე ხმამაღალი და დიდი, ალბათ, მაინც “თავისუფლებაა”. ბრჭყალებს გარეშე, რა თქმა უნდა. თავისი პირველყოფილი, მსუბუქი და მარტივი შინაარსით. Continue reading

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , | 3 Comments

Blog at WordPress.com.