Posts Tagged With: გაეროს მოსახლეობის ფონდი

მამების დღიურები – გიგა ვაშაკიძე

მე მქვია გიგა, ვარ 32 წლის, ვმუშაობ მარკეტინგის მენეჯერად კომპანია Avon-ში. ჩემი მეუღლე ლიკა ფსიქოლოგია და გადასარევად ერკვევა ბავშვთა განვითარების სტადიებში. შესაბამისად, ხშირად ვითვალისწინებ მის რჩევებს ჩვენი გოგონას აღზრდისა და მოვლის დროს.  SHL_2840.JPG

მე და ლიკა 12 წელიწადზე მეტია ერთად ვართ. ჩვენი ჰობია ერთმანეთისათვის “ცხოველური” მეტსახელების შერჩევა, რომლებიც პერიოდულად იცვლება ხოლმე.  რაღაც მომენტში, ჩვენ საუბრებში გაჩნდა პატარა, ცელქი არსება რომელიც, მუდამ ხმაურობდა, ფხაჭუნობდა და არ ისვენებდა, და რომელიც არცერთი ჩვენგანი არ იყო. რადგანაც ქართულ-რუსულის ნაზავით ვსაუბრობთ, სახელიც შესაბამისი მიიღო – მიში (ანუ мышь). როდესაც ნიტას ველოდებოდით და სახელი ჯერ არ გვქონდა შერჩეული (ეს მხოლოდ დაბადების შემდეგ მესამე დღეს მოვახერხეთ), უკვე ვიცოდით რომ ლიკას მუცელში მიში ცხოვრობდა.

11 ივლისი, ორშაბათი

დღეს ჩემი დილაა. ნიტა, რაც 6 თვის გახდა, ახალ რეჟიმზე გადაეწყო – იძინებს 20:00 საათზე, ძილის დროს ჭამს 24:00 საათზე და შემდეგ სისხამ დილით, 06:00 საათზე გვაღვიძებს. თანაც, არც შია და არც ტირის, უბრალოდ ეზარება საწოლში მარტო წრიალი და თანამოაზრეებს ეძებს. ჩვენც რიგ-რიგობით ვდგებით მათან ერთად რომ ვეთამაშობთ, სანამ 8-ის ნახევრისკენ არ მოშივდება და ჭამის დრო არ მოვა.

დღეს მნიშვნელოვანი დილაა – გუშინ ნიტას პირველი სკამი ვუყიდეთ და დღეს მე მიწევს მისი ტესტირება. მიში უკვე რამოდენიმე დღეა რაც დილაობით ჭამს ფაფას, მაგრამ აქამდე მისი კვება სკამის გარეშე ძალიან მოუხერხებელი იყო. 13711591_10154229147955499_1985889021_o

არც სკამით აღმოჩნდა მთლად მოსახერხებელი – თავიდან ბოლომდე პირსახოცში შეფუთულმა ნიტამ მაინც მოახერხა ყველაფრის გათხუპვნა. შუა ჭამაში დავნებდი და შევწყვიტე მისთვის პირის მოწმენდა. ცოტა ხანს ითმინა, შემდეგ ხელით მოიმშრალა და….მერე პირსახოცით მე გავშრი.

12 ივლისი, სამშაბათი

სამსახურში ცოტა თუ შევყოვნდი. ნიტა უკვე დაძინების პირას ან მძინარე დამხვდება.  მთელი დღე ძალიან ვჩქარობდი, რომ მომესწრო მისი დაბანა და დაძინება. საცობებშიც ვძვრებოდი და თან ლიკას ვურეკავდი, – მოიცადეთ, არ აბანავოთ-მეთქი. მაინც მივუსწარი.

როცა ძალიან პატარა იყო, წყალში ისუსებოდა, ჩაფიქრებულ სახეს იღებდა და არც კი ირწეოდა პროცედურის დასრულებამდე. ეხლა წანწალებს, ხელ-ფეხს აქეთ იქეთ იშვერს და გეთამაშება, დაბანას არ გაცლის.

ამდენი აქტივობის შემდეგ, ვერაფრით ვერ დაიძინა, თან ძილის დროც გადაუცდა. თავიდანვე კარგ მუსიკაზე ვაძინებთ, რომ  ბავშვობიდანვე შევაჩვიოთ გემოვნებიან მუსიკას.

ყველაზე უფრო  შეუყვარდა Baby Pink Floyd – იავნანას სტილში შესრულებული Pink Floyd-ის მელოდიები, მაგრამ თუ არ მაქვს წვდომა რაიმე უწყვეტი რიტმის მქონე მუსიკას ვასმენინებ – უკვე გაიცნო Vampire Weekend, The Smiths, Darkside. აი დღესაც, iPod-ი დაჯდა და Pink Floyd-ის ნაცვლად RHCP-ზე დაეძინა, ჯერჯერბით ეს ბოლო ალბომი ჩემზე უფრო ძალიან მოსწონს.

13 ივლისი, ოთხშაბათი

ნიტას უკვე საკუთარი რეჟიმი აქვს:

06:00-7:00 გაღვიძება, თამაში

07:30 – 8:00 – საუზმე

08:00 – 9:00 – ღიღინი, ღუღუნი, თამაში

09:00 – 09:40 – კვლავ ძილი

09:40 – 11:30 – თამაში, სეირნობა

11:30 – 12:00 – ლანჩი

12:00 – 13:30 – შუადღის წამოგორება

13:30 – 15:30 – თამაში, გართობა, საუბარი

15:30 – 16:00 – სადილი

16:00 – 16:30 – სიესტა

16:30 – 18:30 – კიდევ თამაში

18:30 – 19:30 – ვახშამ-ბანაობა (უცნაური პროცესი, როდესაც საჭმელი და აბაზანა ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა თანმიმდევრობით)

19:30 – საბოლოო ძილი

24:00 – მორიგი ჭამა – ამას უკვე რა დავარქვა არ ვიცი – ჭამა ძილშივე.

თუ რეჟიმს მიჰყევი, ფანტასტიურად იქცევა, მაგრამ სადმე თუ აურიე ან აურია, მტერს.

14 ივლისი, ხუთაშაბათი

ლიკა მივლინებაშია, მთელი დღით ბავშვთან დედაჩემი დარჩა. მე საღამოს მივვარდი. ვაბანავე და დავაძინე. პატარა სპილო ჰყავს, რომელსაც ჯიბეში ipod -ი ედება, შეყვარებულობის პერიოდში ლიკამ მე მაჩუქა. თავიდან ნიტასთვის ეს მხოლოდ იავნანას წყარო იყო, მაგრამ ახლა მისი მთავარი მეგობარია. სპილოს ჩახუტების გარეშე ფაქტიურად ვერ იძინებს.13730641_10154229147050499_35078066_o

ბავშვის გაუღვიძებლად, ძილში მის გამოცვლაში და საკვების მიცემაში, მალე შავ ქამარს მივიღებ. ამჯერად, თვალები სულ ერთხელ, გამოცვლის ბოლოს გაახილა. საკვების ბოთლი რომ მივეცი, მიღეჭა და უკვე დაძინებული, დიდხანს აცმაცუნებდა.

15 ივლისი, პარასკევი

დღეს დიდი მოგზაურობის დღეა! ლიკას მივლინება დაუმთავრდა და ბორჯომში გველოდება, რომ შაბათ-კვირა იქ გავატაროთ. ყველაზე მეტად გვეშინოდა, რომ ნიტა მოგზაურობებში არ აგვყვებოდა. მანქანით მოგზაურობა გვიყვარს და თითქმის მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი. ასევე, სომხეთი და თურქეთი. 3 თვის რომ იყო აბასთუმანში უპრობლემოდ იმგზავრა, მაგრამ ეხლა უკვე 6 თვისაა და ბევრ რამეზე ჭუჭყუნებს, თუ არ მოეწონა.13709544_10154229147890499_1433138129_o

მე და ნიტამ ფანტასტიურად ვიმგზავრეთ – მე მუსიკას ვასმენინებდი და პერიოდულად რაღაცებს ვუყვებოდი. მართალია, ის ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე, სპეციალურ სკამში მოკალათებულიყო და ეძინა, მაგრამ ეს საერთოდ არ მიშლიდა.

ჩემდა გასახარად, გორთან ცქმუტუნი დაიწო და მე, სრულიად გამართლებულად, სუპერმარკეტთან გავჩერდი – ხომ უნდა მენახა ბავშვს რა უნდა. სუპერმარკეტში ერთად შევედით, საჭმელიც ვიყიდეთ და  ნიტამ  5-6 ახალი ნაცნობი გაიჩინა – პერსონალი და მყიდველები მის ლოყებს შეესივნენ.

მთელი დანარჩენი გზა ეძინა. ლიკამ მითხრა, ბორჯომშიც, ჭამის შემდეგ მალევე ჩაეძინაო. მე არ ვიცი, სანამ ლიკა აჭმევდა, იქვე გავითიშე.

16 ივლისი, შაბათი

ჰო.

აი, რომ ვამბობდი რეჟიმი არ უნდა აერიოს-მეთქი, სწორედ ეს მოხდა.

არადა, რა კარგად იწყებოდა ყველაფერი – გავიღვიძეთ ადრე, კოლექტიურად ვაჭამეთ, ფაფაში სამივე გავითხუპნეთ და პირის მობანვის შემდეგ პარკში სასეირნოდ წავედით.

გოგირდის აუზებამდე გზა შორი აღმოჩნდა. გამზადებული საჭმელი თან არ გვქონდა. სანამ უახლოეს კაფემდე მივედით და ფაფა და რძე მოვუმზადეთ, უკვე ისე ჯღაოდა კაფედანაც გამოვედით, მოგვერიდა.  სადღაც, მოშორებით დავაწყნარეთ და ხვეწნა-მუდარით ვაჭამეთ.  მას შემდეგ იმ დღის ყოველი ჭამა ტრაგედია იყო.

მხოლოდ დღის ბოლოს, დაქანცულები მივხვდით რომ მიშს მეორე დღეა არ მოუკაკია და ალბათ, ეს აწუხებდა და არ ჭამდა.

არადა კარგი დღეც იყო – მიში პირველად ჩაიყვანეთ მდინარეში და ფეხები ჩავაყოფინეთ – ვერ ვიტყვი რომ მოეწონა მაგრამ დიდადაც არ გაუპროტესტებია.13694252_10154229147450499_1459985228_o

დაძინების პროცეში, მანქანით ბაკურიანში ამოვყავით თავი. რომ გაიღვიძა, ბარემ,საბაგიროზეც ავიყვანეთ. სიმაღლე რა არის მართალია ჯერ არ იცის, მაგრამ იმდენი ახალი რამის შემხედვარე, თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და პირი სულ დაღებული ჰქონდა. ყველაზე უფრო ალპურ ყვავილებზე გაგიჟდა – პირისკენ მიჰქონდა, მაგრამ დროზე გამოვგლიჯეთ.

17 ივლისი, კვირა

კარგი დღე გაგვითენდა, მოკაკა! რა ვქნა, ბავშვის ამ ასაკში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ამბავი და საუბრის მტავარი თემა.

მოკაკა და გაუნათდა თვალები, მთელი დღე კარგ ხასიათზე იყო.

საერთოდ დიალობით, ახალ გამოძინებულზე ყველაზე კარგ ხასიათზეა, ყოველ პატარა რამეზე იცინის. სამუშაო დღეებში ამას ხშირად რომ ვერ ვხედავ, შაბათ -კვირას ვიგროვებ.

დილაობით რომ ვეთამაშები, ყოველ თამშზე ახალ რამეს ვამჩნევ – ან სახის ახალი გამომეტყველება, ან ახალი ხმა რომელსაც გამოსცემს. დღეს ბღაუჭ-ბრაუჭით ვიცნობდით ბალახს და მუცელზე ყოველ ჩაბერვაზე სიცილისგან გორაობდა. საოცარი რამე შევამჩნიე – თუ რაიმე მოსწონს, თავიდან ძალიან მოკრძალებული რეაქცია აქვს და თანდათან ყოველ გამეორებაზე უფრო და უფრო მძაფრად გამოხატავს. აი ახლაც, პირველ ჩაღუტუნებაზე ოდნავ გაეღიმა, მესამის მერე გაიცინა და ბოლოს კისკისებდა გაუჩერებლად.

უკანა გზა ნახევარი დრო ეძინა მაგრამ მერე მობეზრდა, მეც აქ ვარ და მეთამაშეთო. ლიკამ ნახევარი გზა მის გართობაში გაატარა.

 

 

 

SHL_2840.JPG

Categories: მამების დღიურები | Tags: , , | 1 Comment

წერილი შვილს

bacho_grigoliaშენ ახლა ჩემს წარმოსახვაში ცხოვრობ. ვიცი, არაფერი გესმის, ვერაფერს გრძნობ, მაგრამ მოვა დრო და შენ ამყველაფერს, აი ამას, რასაც ახლა ვწერ და განვიცდი, შენს შვილებთან ერთად წამიკითხავ, ბუხართან მოკალათებულს. მეკი გულჩვილივით ავტირდები. არა! ეს იქნება ჩემი სიხარულის ტრიუმფი. გამახსენდება ჩემი მშობლები, ბებია, ბაბუა, ჩემი მეგობრები, სწორედ ის ხალხი ვინც აქამდე მომაგორა და ისინი ვინც აწი შენზე ისე იზრუნებენ როგორც საკუთარ შვილზე. მანამდე კი… წარმოსახვაში დაგხატავ. იქ სადაც ჯერ დაბადებამდე დაგიდე ბინა. გელოდები და ჩემ განსახორციელებელ “სურვილებს” გიბარებ. დასაწყისიდანვე მუცელში ჩასახლებულს ჩაგაგონებ ყველაფერს, ღმერთს შეგავედრებ და იმაზე მეტს გადმოგცემ, ვიდრე მე მივიღე. ასე გავაგრძელებ მანამ სანამ შენ გვერდით ვიდგები. ვისურვებ იყო, ისეთი როგორიც სინამდვილეში უნდა იყო და არა ისეთი, როგორც მე ვარ, ან დედაშენი იქნება. მინდა ისეთი იყო როგორადაც ბუნება გშობს. არ მინდა მგავდე. მინდა უკეთესი იყო. ჩემზე მეტი იცოდე, ნახო, გაიგო, ჩემზე მეტად ეზიარო ჭეშმარიტებას. მინდა მეტად ჩაწვდე ცხოვრების კანონზომიერებას და დააფასო იგი და კეთილშობილურად გაიაზრო ყოველი ნაბიჯი და ამ ნაბიჯზე სხვები ატარო. მინდა რწმენა გამოძრავებდეს საკუთარი თავის და საკუთარი შეძლების. ეს მოგცემს იმის უნარს და შნოს სხვებსაც დაეხმარო.

გახსოვდეს მარტო არ ხარ. არავისი გშურდეს. გიყვარდეს, თუნდაც ისინი ვისაც არ იცნობ. გულში ნურაფერს ჩაიდებ, ნუ შეიძულებ რადგან ეს ერთადერთი გზაა გაბოროტებისკენ. ბოროტი კი მე კი არა ღმერთს არ ენდომები. გაადამიანდი. გახსოვდეს შენ ადამიანი ხარ და ზღვარი უნდა იცოდე. თავს ნურავის დააჩაგვრინებ, მაგრამ ადამიანად დარჩი. გქონდეს ძალა. სიტყვის ძალა. პატივისცემის ძალა. მაშინ ყველას ეყვარები. იყავი შორსმჭვრეტელი და არ დაგავიწყდეს ბოლომდე არასდროს არ უნდა შესცურო. მანამდე კი მშვივად იცურე.

პატივისცემით მამაშენი

ბაჩო გრიგოლია

 

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | Leave a comment

წერილი თიკას

mama_wigni_wamikitxe (1)დღეს შენი დღეა ჩემო ტკივილო და სიხარულო, ჩემო უკვდავებავ, ჩემო თვალსაჩინო, ჩემო ტკბილო თიკუნა! ასე მგონია სულ მყავდი. ახლა აღარც კი ვიცი როგორ ვძლებდი უშენოდ. კარგ გუნებაზე ვარ და შენი დანახვა უფრო ბედნიერს მხდის, ვინმე მაწყენინებს და ისევ შენ ხარ მალამო და უებარი წამალი.

ერთი სიტყვით ენით აუწერელი სიხარული ხარ.  შინ რომ მეგულები გული არსად მიჩერდება, თითქოს ჯაჭვით მეწევი.  შენი ყურება, შენთან თამაში, შენი ენით ლაპარაკი ერთი დიდი ბედნიერებაა.  ფეხაკრებით შემოვალ შენთან, მძინარეს დაგხედავ და კიდევ უფრო ლამაზი მეჩვენები.

mama_wigni_wamikitxe (2)შეგრჩეს ეგ კეთილი სახე და ხასიათი, გიყვარდეს მოყვასი, პატივი ეცი შენი ერის წარსულს, გქონდეს მომავლის რწმენა, გეცოდებოდეს გაჭირვებულო, თვითონაც ღირსეული შვილები გაუზარდე ქვეყანას.

დღეს შენი დღეა ჩემო ტკივილო და სიხარულო, ჩემო ღვთაებავ და თვალსაჩინო, ჩემო ტკბილო თიკუნა.

მარად შენი მოსიყვარულე მამიკო მერაბ ფურცელაძე.

წერილი დაიწერა 1994 წელს.

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | Leave a comment

წერილი დათასა და ნიკოს

ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მონსტრებთან ომს და მე აუცილებლად ვისწავლი minecraft – ის თამაშს.

                                                                                                                    პატივისცემით  მამა.

ნიკოს ხელების  სახეზე ფათურმა გამაღვიძა.  უფრო ადრე –  სიცივემ. თითქოს  ყინულის მონსტრმა შემანჯღია. მარჯვნივ გადავბრუნდი და   პარალელურად საბანს  კისრიკენ ვექაჩები.11092695_546174445520577_287402096_n

ვიგრძენი ყველაზე დიდი შვება, სიხარული და  განცდა სიძლიერის, რადგან ცისვისგან ძლივს გადატრიალებულს  დამხვდი შენ,  ჩემო ნიკოლოზ.    მომაგონდა, რომ წუხელ შენ და დათა ჩემთან დარჩით.

ნაკვერჩხალივით ხარ, აპრილის ამ ძალიან ცივი ღამის მეექვსედში.   დათა შედარებით დაბალ რკინისფეხებიან საწოლზე  წევს, რომელიც დაძინებამდე ჩვენსკენ  ოთახის მეორე ბოლოდან მოვაჩოჩეთ.   დათას სწყინს, რომ შენ ჩემთან იძინებ და ის ვერ.  ამიტომაც, დავარბენინებთ ამ გასაშლელ საწოლს  ოთახიდან –  ოთახში.

 შენი ხელის ფათურმა კიდევ ერთხელ გამაღვიძა.  დილის 6 საათია. მეფერები და დამტვრეული ხმით მეუბნები, რომ გიყვარვარ,  რომ ყველაფერი რაც გაგაჩნია ჩემია.   შენი ცხვირი, თვალები, მუცელი, მუხლებზე დახეული შენი საღამური, თმა და წიწილის სურნელება.

დათა 07:15 წუთზე გავაღვიძეთ.  მანამდე, მე და შენ ერთად შევბრაწეთ კვერცხიანი პურის ნაჭრები.  უფრო ადრე  დოროთე გვეგლისებოდა ფეხებზე,  გვეგლისებოდა და  კნაოდა.

დათა, მამ, გაიღვიძებ?

რადგან ვიცი, რომ დილით შესაძლოა უმიზეზოდ მეჩხუბო, ამიტომ ძალიან ვცდილობ  შენი გაღვიძების საუკეთესო ფორმა შევარჩიო. ამჯერად ხელებზე გეფერები,  ძალიან ჩუმად გეძახი –  დათა, დათი, მამ…

გაიღვიძებისთანავე  გეხუტები გკოცნი, რომ არ გაბრაზდე.

11100814_546174438853911_830940715_o8 საათზე მოვიდა სამარშუტო ტაქსი, რომლითაც  სკოლაში დადიხარ.    შენ ძალიან დიდი ხარ, ნიკოზე, ჩემზე, სამყაროზე უფრო დიდი და ძლიერი.  დიდი თვალები გაქვს, პლანეტა დედამიწას ჰგვანან.

ჩვენ რომ  სამყაროში  ადამიანების ნაცვლად  ძაღლებად,  შაშვებად, ვირთაგვებად ან ხეებად დავბადებულიყავით, მაშინაც ასე გიჟივით მეყვარებოდა  თვენი  ხმა,  ნიკოს წიწილის სურნელება, თითები. შენი  სათვალის ოთკუთხა ჩარჩო,  ნიკოს მუხლებზე დახეული   საღამური ,  გასული კვირის ხუთშაბათს ერთად  რომ  დავკემსეთ მეზობლისგან ნათხოვარი წითელი ძაფით.

დავით ქაშიაშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | Leave a comment

წერილი ანანოს

                                                                7 წუთია 8 რიცხვი დაიწყო, თვე აპრილი, წელი 2015, ამას რომ წაიკითხავ აუჰ, ეს როდის იყოო იტყვი, ალბათ.10557179_870718669623725_9005988212427014135_n

მე წერა დავიწყე. შენ გადაბრუნებულხარ კედლისკენ და ხვრინავ. რა გენაღვლება, მე რომ  ამ წერილის გარდა ორი სკეტჩი მაქვს ტელევიზიისათვის ასაწყობი. რაც მე და შენს გარშემო სასაცილო ამბები ხდება ყველაფერი მინდა რომ გესმოდეს მამი, მაგრამ შენ მარტო ჩვენი ოჯახის ამბები გაინტერესებს და სხვისაზე ჯერ არ გეცინება. რომ გაიზრდები ნეტავ მაშინაც ეგრე იყო. გუშინ, საავადმყოფოში რომ ვიყავით, არ გემახსოვრება ეხლა შენ, ანალიზების რიგში თოთხმეტჯერ მიგასწარი ტრავმატოლოგის კაბინეტთან, ჩვენი საქციელის დედას ცოტა შერცხვა მაგრამ,  ვიღაც ბიჭმა რომ ძალიან დიდი ქილა ჩადო ანალიზების ყუთში და მიმღებ გოგოს მომხიბლავად  გაუღიმა, დედას ცოტა მოეშვა.

მამა, შენ ალბათ, აღარ მთხოვ „მამა წიგნი წამიკითხე“-ს და აღარც ისეთ კითხვებს დამისვამ როგორსაც ეხლა მეკითხები თუ გინდა გეტყვი რამდენიმეს. არა? კიი? კაი გეტყვი.

„მამა, ბებო სად გაიცანი?“
„ მამა, ნიანგსაც უნდა მწვანე რომ იყოს თუ ისეა?“
„ მამა, ბიძინა ვინ არის?“

„ მამა, მე პატრონი მყაავს? ბაღში ერთ ბავშვს ჰკითხეს და მაინტერესებს“
„ მამა, ნახევარი ჭიაყელა გავუშვი და ხო სიკეთეა?“
„ მამა, მაიონეზს რატომ ვყიდულობთ არ შეიძლება ჩვენით მოვიპოვოთ?“

ამ კითხვებზე ეხლა დაგცინი ხოლმე და შენ იბერები. მინდა და დაგცინი, ბოლოს და ბოლოს მამაშენი ვარ, შენზე უფროსი ვარ და ფლეისთეიშენს როცა ვთამაშობთ ყოველთვის მე გიგებ.

ხვალ ბებო ჩამოვა მაა, ახალი ფეხსაცმელები გიყიდა და გაგახარებს, ამ კვირაში უკვე მეორედ ყიდულობს შენთვის ფეხსაცმელს. ალბათ, გულს იფხანს. იმიტომ რომ სკოლაში, ჩემს კლასში სულ ორ ბავშვს თუ უყიდდნენ ფეხსაცმელს, ერთი პოლიციელის შვილი იყო, მეორე ქურდის. იმედია, როცა ამ წერილს წაიკითხავ, ამ ორიდან მარტო პოლიციელი გეცოდინება რა არის.

დაუჯერებელია, მაგრამ მაშინ ეგეთი დრო იყო მა, შენ ხომ ვერასოდეს დაიჯერებ, რომ ჩემს ბავშვობაში კვირაში ერთხელ შუქის მოსვლას  უბნის ბავშვები ისეთი ყიჟინით და ღრიალით  ვხვდებოდით, რომ ნებისმიერი ჰოტენტოტების ბელადი ალბათ, შურით გასკდებოდა.

მეტირება, რომ ვხედავ რომ წიგნის კითხვა უფრო ძალიან გიყვარს, ვიდრე მე შენს ასაკში, ჯერ შენ კითხვა არ იცი მაგრამ ნეტავ შენი სახე დაგანახა, როგორი გაფართოებული თვალებით მიყურებ ხოლმე, როცა წითელქუდას სცენარს შევცვლი და გიკითხავ, თუ როგორ გადაყლაპა მგელმა წითელქუდაც, ბებიაც, წითელქუდას დედაც, მონადირეც, მერე ნივთიერებათა ცვლა დაერღვა და სიმსუქნით მოკვდა.  ეს იმიტომ, რომ ნამდვილი ვერსია ჩვენ უკვე სამოცჯერ მაინც წავიკითხეთ. მალე კითხვას გასწავლი მა, ოთხი წლის რომ გახდები, მაშინ. კითხვას რომ ისწავლი აუჰ, რამდენი მაგარი რამე გაქვს წასაკითხი. ნეტავ, მეც წაუკითხავი მქონდეს ყველა ზღაპარი.  წიგნის კითხვის დროს ყველაზე ბედნიერი ხარ ხოლმე მა, რა შეგიშლის ბედნიერებაში ხელს, შენ რა იცი, რამდენი დამრჩა ბარათზე ხელფასამდე.

ამ წერილში ბევრ რამეს ვერ დაგიწერ მამი, მაგრამ გული არ მწყდება, იმიტომ რომ შენ როცა დიდი იქნები, ჩემი ყველა წიგნი დაბეჭდილი იქნება და იქ წაიკითხავ ყველაფერს, ბევრი ცუდი და კარგი ეწერება იმ წიგნებში მაგრამ შენ მაშინვე იგრძნობ რომელი ადგილებია შენი პატარა გულით გამთბარი. აეხლა ამებღავლა კინაღამ, ისევ რა. დავამთავრებ წერას, თორემ ჩემი ტირილი მეორე კლასის შემდეგ არავის. გკოცნი.

შენი მამა

 აკა სინჯიკაშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 2 Comments

გულშემატკივრის წერილი ალექსანდრეს

iliaმე შენი სავარძელი ვარ. შენი ცხენი ვარ, შენი მანქანა – ხან წითელი, ხან ყვითელი, ხანაც ლურჯი ფერის. შენი ღრძილების მასაჟორი ვარ. მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, შენთან ერთად რომ უყურებს ChuchuTV-ის. ძალდატანებით კი არა – მართლა მოსწონს. ოღონდ არა სულელურად მოცეკვავე იხვები, არამედ შენი სახე მათი დანახვისას. მე შენით აღფრთოვანებული ადამიანი ვარ, ის ვარ, ვისაც უნდა, რომ ძალიან გგავდეს. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ – ერთ დროს სათვალებით გატაცებული, ვეღარ ვიტან მათ. არავის და არაფერს მივცემ უფლებას, ჩვენ შორის ჩადგეს.მე ხომ ზუსტად შენნაირი თვალ-წარბ-წამწამები მაქვს. მინდა, ეს მსგავსება ყველამ დაინახოს.
ის ვარ, ვინც გულმოდგინედ გაკვირდება, შენს ყველა ქცევას იმახსოვრებს, შემდეგ კი ნადვილ დაკითხვას უწყობს მშობლებს, რომ კიდევ ბევრი მსგავსება აღმოაჩინოს შენთან.

სანამ დაიბადებოდი, ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეზარდე. წიგნებს ვკითხულობდი, გადაცემებს ვუყურებდი.  შემდეგ, ჩემი გონება ერთმა ფრაზამ დაიპყრო – „როგორც არ უნდა გაზარდო შვილი, ის მაინც მშობლებს დაემგვანება. ამიტომ, სჯობს თქვენი თავი აღზარდოთ“. გამალებით შევუდექი საკუთარი თავის შეცვლა-გამოსწრებას და შენც დაიბადე. დაიბადე და ამოცანა სრულიად შეიცვალა. მივხდი, რომ არ აქვს მნიშნელობა, როგორი იქნები მომავალში, რადგან შენ ახლავე ხარ ისეთი კარგი, როგორიც მინდა, რომ მე ვიყო. ვეჭვობ, მაგ საქმეში კონკურენტიც მყავს. როდესაც ამ წერილს წაიკითხავ, ალბათ,დაინტერესდები, რა დაემართა ამ კაცსო?! ამის ახსნა შეუძლებელია. როგორ უნდა აღწერო ის, რაც შენზე დიდია, შენ ზემოთ დგას და გონების თვალი ვერ წვდება. მაგრამ მინდა დაგაიმედო, შენ აუცილებლად მიხვდები, რა განცდაა ეს, როგორც კი გეყოლება გვერდით პატარა ადამიანი – ის, ვისთვისაც მზად ხარ, ყველაფრად გარდაისახო.

ილია ნიკაჭაძე

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | Leave a comment

წერილი კახას

წერილს მეორედ გწერ. პირველი ჯერ არ გინახავს. იმ დღეს დავწერე, როცა ქვეყანას მოევლინე, როცა ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ძალიან მომინდა შენს მომავალს გავსაუბრებოდი.

_MG_6750

ამ წერილის იდეა სხვებს ეკუთვნის. მომეწონა, რადგან, ვინ იცის, „მეორე წერილს“ ჩემით როდის მოვაბამდი თავს. წერა ძალიან მიჭირს. არადა, იმ პირველის შემდეგ სულ გწერ, სულ გესაუბრები – გულში თუ ცხადში და ახლა ეს ამბავი კარგი საშუალებაა ამ საუბრების ნაწილს თავი მოვუყარო.

არ მინდა შეგონებები გამომივიდეს. უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიარო. თუ რამე გამოგადგება, გამიხარდება. შეიძლება რაღაც გაითვალისწინო, რაღაცამდე კი თავად მიხვიდე. შეიძლება რამეს არასწორად ვხედავ, რა ვიცი… დიდი თეორეტიკოსი კი მყავხარ და მოკლედ, შენ იცი!

ეცადე შეიცნო, ვის უყვარხარ გულით და შენც გულით შეიყვარე. ამ გახსენებაზე: გულს ხშირად უგდე ხოლმე ყური. კაი ვინმეა, მეგობრადაც გამოგადგება და მასწავლებლადაც.

ეცადე არ ეჭიდაო მოყვასსა თუ  მოძულეს წვრილმანებზე. ეცადე დაუთმო, ეცადე გაატარო.

ეცადე ერთი ჩხირიც არ დათმო, როცა საქმე შენს ფუნდამენტურ ფასეულობებს ეხება – შენს რწმენას, შენს ქვეყანას, შენს მოყვასს…

ეცადე ყველგან, ყველა სიყვარულში უანგარო იყო.

ეცადე არავისი გეშინოდეს, არავისი, საერთოდ არავისი.

სულ ეცადე შინაგანად თავისუფალი იყო. ეცადე ნაკლებად იყო ვინმეზე დამოკიდებული და ჩამოკიდებული.

ეცადე ყოველთვის გახსოვდეს სულ მცირედიც კი, რაც შენთვის გაუკეთებიათ და ეცადე ასმაგად მიუგო ცხოვრების მანძილზე.

ეცადე მაგრად დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას. მას შემდეგ კი, რაც გაიმარჯვებ (და გარწმუნებ, აუცილებლად გაიმარჯვებ), ეცადე მხოლოდ სიკეთით გადაუხადო სამაგიერო.

ეცადე იშვიათად იყო კატეგორიული, იშვიათად დაარქვა „თეთრი“ და „შავი“.

ეცადე ყოველთვის ღირსეული მოწინააღმდეგე იყო. მაშინაც, როცა იქით მხარეს უღირსად იქცევიან.

ეცადე არასოდეს იყო ის, რაც შენ არ ხარ.

ეცადე არასოდეს მოიტყუო, არასოდეს.

ეცადე ღვთის წინაშე მართალი იყო. ნუ ეცდები ყველასთან მართალი იყო.

ეცადე კბილებით დაიცვა მართალი კაცი.

ეცადე არაფრად გიღირდეს არანაირი თანამდებობა.

ყოველდღიურად ეცადე სითბო არ მოაკლო ბებია-ბაბუებს. ეცადე გაუფრთხილდე მათთან გატარებულ ყოველ წამს. ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს.

ეცადე სულ გახსოვდეს შენი მშობლები. ეცადე ხშირად გაიხსენო, როგორ სიამოვნებას ანიჭებ მათ სულ მცირედი ყურადღებითაც კი.

ეცადე ისწავლო ყველა შენი წინაპრის სახელი, რომელიც კი გვახსოვს და ყოველი შესაძლებლობისთანავე ეცადე შეიარო მათ საფლავებზე, როცა იქით მოხვდები, ორი წუთით მაინც.

ეცადე არასოდეს უთხრა უარი დახმარებაზე მოყვასს, რომელსაც ეს ჭირდება – ნაცნობსა თუ უცნობს. ეცადე სულ გახსოვდეს, რომ ამით საკუთარ სულსაც ეხმარები.

ეცადე სულ გახსოვდეს შენი ქვეყანა და სულ ცდილობდე საქმით ემსახურო.

ეცადე შეიცნო შენი ქვეყანა. ეცადე სულ იარო და სულ მოიარო.

ეცადე არასოდეს დაივიწყო აფხაზეთი და არც ერთი გოჯი დაკარგული ტერიტორიისა, რა დროც არ უნდა გავიდეს.

თუ უცხოეთში მოგიწია ყოფნა, ეცადე ზურგი არ შეაქციო ქართველებს, რაც არ უნდა გული აგიცრუოს ვინმემ.

თუ უცხოეთში მოგიწია ცხოვრება, ეცადე ეს დროებითი იყოს და ეცადე შენს სამშობლოში დაუბრუნდე.

ეცადე შეცვალო შენი ქვეყნის ბედი. შენი წილი ეცადე.

ეცადე გაუფრთხილდე დროს. არ არის იმდენი დრო, შენგან რომ ჩანს.

ეცადე არასოდეს იყო პათეტიკური და ყოველთვის უბრალოდ თქვა დიდი სათქმელიც კი.

ეცადე ყოველთვის არ თქვა შენი სათქმელი. ხან კი ეცადე დაურიდებლად თქვა. ეცადე კარგად გაარჩიო – როდის რომელი.

ეცადე არასოდეს დაკარგო რწმენა. ყოველ ჯერზე ეცადე ხელახლა წამოდგე და ეცადე არასოდეს დანებდე.

ეცადე არასოდეს აგიცრუვდეს გული კაცთა მოდგმაზე. ეცადე მიმოიხედო ხოლმე და აუცილებლად დაინახავ ადამიანებს, რომლებიც დაგიბრუნებენ რწმენას.

ეცადე სულ იბრძოლო, სულ. ეცადე სულ გახსოვდეს ძველი წარწერის ტექსტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე – „დექით მტკიცედ და შეურყევლად“.

ეცადე სულ ელაპარაკო საკუთარ თავს, სულ შეიცნო და სულ აკვირდე. ეცადე თავი შენი შენ გახლავდეს სულ. ეცადე სულ იპოვო შენი შეცდომები. ეცადე სულ ინანო შენი შეცდომები.

ეცადე ყოველთვის იქ იმსახურო, სადაც ღმერთი დაგადგენს.

ეცადე ამოიცნო გზები, რომელსაც ღმერთი ყოველთვის გიჩვენებს. როცა ვერ ხვდები საით წახვიდე, ეცადე მიენდო განგებას.

ეცადე სულ ახლის ძიებაში იყო, სულ ინიციატივებში, ეცადე არ ჩაგითრიოს ერთფეროვნებამ. ეცადე არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით, ყოველი საქმის დასრულების შემდეგ ეცადე მაშინვე ახალს შეეჭიდო.

ეცადე არაფერი დააყენო საკუთარ ღირსებაზე მაღლა, თუმცა ეცადე ეს არასოდეს გადაზარდო ქედმაღლობაში.

ეცადე ნაკლებად იყო სუბიექტური. ეცადე სულ გახსოვნეს, რომ მედალს ორი მხარე კი არა, უამრავი რაკურსი აქვს.

ეცადე არასოდეს გათითოკაცდე.

რასაც არ უნდა მიაღწიო, ეცადე ყოველთვის შეახსენო თავს, რომ ერთი ჩვეულებრივი, სხვაზე არაფრით უკეთესი ადამიანი ხარ.

ეცადე ყოველთვის შეამჩნიო „რიგითი“, ჩუმი, სულ-სულ ბოლოში მჯდარი ადამიანები.

ეცადე ყოველთვის დაუფასო, ვისაც წვლილი მიუძღვის.

ეცადე ის დრო, სხვისი განკითხვისკენ რომ მირბის ხოლმე, საქმისკენ შემოატრიალო.

ეცადე არასოდეს დაკარგო წონასწორობა, არ გამოხვიდე მწყობრიდან – მაშინაც, როცა თვლი, რომ ძალიან უსამართლოდ გექცევიან.

ეცადე ხშირად შეხედო იუმორით არემარეს.

ეცადე ყოველთვის იყო მზად.

ეცადე თავი არასოდეს იქო. როცა გაქებენ, ისიც ეცადე სტიმულად გარდაქმნა.

ეცადე კვალი დატოვო, შენი საკუთარი კვალი.

ეცადე გიყვარდეს, სულ გიყვარდეს.

ბოლოს ორ თხოვნას მოვაყოლებ, „ეცადე“-ების გარეშე:

გთხოვ არასოდეს დაივიწყო შენი ფუძე, შენი მამული სოფელ ნაგვაზაოში;

შენი წინაპრების პატივისცემის ნიშნად, გთხოვ, მეგრული და სვანური ისწავლო.

ამ წერილმა კიდევ ერთი საშუალება მომცა – მეთქვა ის, რაც შენთვის არასოდეს მითქვამს:

მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც შენი არსებობის მანძილზე მანიჭებ – მუცლადყოფნიდან დღემდე.

ძალიან მიყვარხარ.

გზას დაგილოცავ…

ბუბა კუდავა

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 4 Comments

წერილი ირინას, თამარს და ანას

giokდღეს კვირა დღეა. თქვენ ეზოში ბურთს თამაშობთ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ჩემი დიდი გოგოები ირინა და თამარი  ანას  ბურთს ეთამაშებით. მე აივნის მოაჯირს იდაყვებით ვეყრდნობი და ზემოდან დაგცქერით..
„როგორი მამა ვარ?“ –  ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მაქვს. მაგარი მამა მამაჩემი იყო (თუმცა, რატომ იყო? 90 წლისაც მაგარი მამაა). ვერ ვჯობივარ მამაჩემს მამობაში.  მეც მამაჩემივით  ვცდილობ კარგი მამა ვიყო –  თქვენი მეგობარი. მინდა თავისუფლები გაიზარდოთ, ისწავლოთ ის,  რაც გაინტერესებთ. არ მინდა რამე თავს მოგახვიოთ,  არც პოზიტიური ზეწოლა მიყვარს და არც ნეგატიური. შვილები მშობლებს უნდა ენდობოდნენ. მგონი მენდობით.. უნდა გრძნობდეთ, რომ ვხვდები – თქვენ გაიზარდეთ. ვიცი, თქვენი თაობა სხვა თაობაა და მე უნდა დაგეწიოთ. შვილებს უნდა სჯეროდეთ, რომ მშობლის რჩევა ფასეულია და რჩევის მიცემამდე ბევრი აქვს ნაფიქრი და რაც მთავარია, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ არასოდეს მოატყუებ. ვახერხებ? ალბათ, ყოველთვის ვერა.

კიდევ კარგი, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წუთიერი შეგრძნებაა  და მეტი არაფერი. განა მე და თქვენს, უფრო სწორედ, ჩვენს შორის, ყველაფერი სულ სხვაგვარად  არ არის? განა ჩემსა და თქვენს ურთიერთობაში,  როგორც ჩვენ, დიდები ვამბობთ ხოლმე – „ყველაფერი რადიკალურად  შესაცვლელია“?!  არადა, მაინც ყველაფერი ისე როდია, როგორც მე და თქვენ ერთობლივად ვისურვებდით. ვიცი, მეტი თავისუფლება გჭირდებათ. ისიც ვიცი სხვადასხვა ასაკის ხართ და ჩემგან  განსხვავებული შეხედულებებიც გაქვთ  ამა თუ იმ თქვენთვის, ან იქნებ მხოლოდ ჩემთვის საინტერესო საკითხზე?! იყო დრო,როცა ყველაფერ ამას  ზედმეტად განვიცდიდი. მერე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი როგორი მამა გჭირდებათ თქვენ და რომ ასაკის მატებასთან ერთად, მეც მეტი უნდა მესწავლა. მამობის გამოცდილება  ხშირად რომ ვერ მშველის, იცით? ირინა სულ არ ჰგავს თამარს, თამარი კიდევ ანას და მე, დედიკოსთან ერთად უნდა მეპოვნა ამ განსხვავებებთან შეგუების საშუალებები.

იცით, ყოველთვის ვიცოდი – მოვიდოდა დრო და რომელიღაც სამშობიარო სახლიდან თეთრხალათიანი ქალბატონი გამოვიდოდა და შვილის დაბადებას მომილოცავდა.  ისიც ვიცოდი, ძალიან რომ გამიხარდებოდა და უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი მთელი დედამიწის ზურგზე. ერთადერთი, რაზეც არ მიფიქრია, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა იყო! შენ ხომ მამა გახდი! პასუხისმგებლობა დიდი ხნის მერე მოვიდა. ვიცი, ცუდია ასე რომ იყო, მაგრამ ესეც ხომ უნდა მეთქვა?!  ჩვენ ხომ კარგა ხანია შევთანხმდით, ერთმანეთს არასოდეს მოვატყუებდით..

თქვენ თამაშს აგრძელებთ, მე თქვენზე – ფიქრს.
რას არ მივედ-მოვედე და სათქმელი სანახევროდაც ვერ გითხარით.
ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემთ-მეთქი, კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, განა ამისთვის წერილის მოწერაა საჭირო? წერილი ხომ არა მხოლოდ სიტყვებს, ფრაზებს, აზრებს ინახავს?!  წერილი  ადმიანის განწყობას ყველაზე კარგად გადმოსცემს. წერილში შეცდომების აღიარებაც ადვილია, მონანიებაც და რჩევის მიცემაც… დაგვიანებული ხომ არ არის უკვე? ღმერთო ჩემო,  რა დიდები ხართ და რა კარგები – 8 წლის ანაც კი უკვე დიდია. ირინა  და თათა, აბა, თქვენზე რაღა ვთქვა?! რომ იტყვიან თვალსა და ხელშუა იზრდებით. ზუსტად ისეთები ხართ, თქვენს ასაკს რომ შეეფერება.  ლამაზები, ჭკვიანები, ნიჭიერებიც…
აბა, აბა, ამომხედეთ  ქებამ ხომ არ გაწყინათ?! ჰო, ხანდახან   ცელქებიც ხართ და ზარმაცებიც. მერე რა, დრო მოვა და  წლები მეტ სიბრძნესაც მოგიტანთ და მეტ სიდინჯესაც.

აბა, ამჯერად მეტი რა გითხრათ?! იყავით ისეთები, როგორებიც ხართ და შეეცადეთ, ოდნავ მაინც შემცვალოთ. მანამდე კი ითამაშეთ. ჯერ ნუ ამოხვალთ, დამელოდეთ, მეც მინდა თქვენთან ერთად ვითამაშო.

ჰოდა, რადგან ასეა,  ვეშვები…

გიორგი კილაძე

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , , | 2 Comments

წერილი თევდორეს

თევდორე, შვილო, ვიცი რომ ამ წერილს ჯერ ვერ წაიკითხავ. მოსმენის დროსაც კი, ჯერ ყველაფერს ვერ გებულობ, მაგრამ მაინც გწერ. გწერ კარგი პროექტის დამსახურებით, რომელსაც “მამა, წიგნი წამიკითხე” ქვია.
ჩვენც ხომ გვიყვარს წიგნები?!
lipრამდენიმე დღეში 2 წლის გახდები, შენ კი უკვე რახანია შენს ენაზე კითხულობ. მე ეს ენა ძალიან მიყვარს. მიკვირს მოსფლიო ენებს რატომ არ უმატებენ ბავშვთა ენას. ალბათ, ჯერ ვერ ხსნიან და ვერ იგებენ მის იდუმალებას. ვიცი, რომ მომენატრება ამ ენის მოსმენა. მინდა, სულ შენს ფოტოებს და ვიდეოებს ვიღებდე, რომ შენი ცხოვრების, ზრდის, მხიარულების კადრები დავიმახსოვრო.
ამ წერილს ჩუმად გწერ, ჯერ დედამაც არ იცის. ისე დედამ კარგი მეტსახელი შეგირჩია – ბედნიერას გეძახის. სულ მხიარულობ, საქმიანობ (უფროსებიმ თამაშს რომ ეძახიან) და ჩვენც გვასაქმ-გვამხიარულებ. შენს სახელს რაც შეეხება, მე და დედამ სახელობანაც კი ვითამაშეთ, რომ მოგვეფიქრებინა, თუ რა დაგვერქმია შენთვის. მატარებლით ვმგზავრობდით, დროც გვქონდა და სურვილიც რომ შენთვის კარგი სახელი შეგვერჩია. მაშინ თევდორეც ვახსენეთ, მაგრამ ჯერ არ გვქონდა გადაწყვეტილი. რომ დაიბადე, ვთქვი, რომ შენი სახელი თევდორე “გასროლილი მუშტივით” ჟღერს. ახლაც ასე ვფიქრობ. მაგრამ ეს ცუდად არ გაიგო, შვილო, მე ძალადობისკენ კი არა სიძლიერისკენ მოგიწოდებ. ნეტავ რამდენი წლისა წაიკითხავ ამ წერილს?!
ყველაზე მეტად შენი ბავშვური კითხვებიდან მომწონს – “ეს რა არი?” სურვილი ყველაფრის შეცნობის, განვითარების, გულწრფელობის. მიყვარს, რომ გიხარია ხატვა, ცხოველები, ადამიანები…
ახლა ამ წერილს ვწერ, ვიცი შენამდე სხვები წაიკითხავენ. მაგრამ, მჯერა, შენამდეც მოვა.
ერთხელ, შენს დაბადებამდე მე და დედაშენმა “წერილი ბოთლში” ვითამაშეთ. წერილები დავწერე და ბოთლით “შეფუთულები” ზღვაში მოვისროლეთ. დავთქვით, თუ ვიპოვიდით, ერმანეთი ძალიან დიდხანს გვეყვარებოდა. დინებამ შორს წაიღო ჩვენი ფიქრები. დღემ გვერდი იცვალა და საღამოს თამაშის ადგილიდან მოშორებულებმა, ჯერ ერთი და მერე მეორე ბოთლი ვიპოვეთ. გულიანად გავიხარეთ. იქნებ, ის წერილებიც ნახო მერე, შვილო, ვიცი ამ წერილსაც იპოვი ელექტრონულ ზღვაში. იცი გული რაზე მწყდება?! მამაჩემი რომ ვერ გაგაცანი (შენს დაბადებამდე 13 წლით ადრე გარდაიცვალა). რაღაცნაირად სიცოცხლისა და მამური სიყვარულის პატარა ჯაჭვი ერთად ვერ შევიგრძენით. მაგრამ შენ იყოჩაღე! მომავალში შენი შვილი გამაცანი. ამით დავიიმედებ გულს.

ახლა ქერა ხარ. მთავარი კითხვა არის არა  – “როგორა ხარ”, არამედ – “ვის გავს?” შენ გავხარ შენს თავს და ეს მახარებს. კითხვას მოსდევს ახალი ფრთიანი ფრაზა – მალე გაუმუქდება თმები. სასაცილოა. თითქოს ამაში იყოს რაიმე სიბრძნე, ან მცირე აზრიც. როგორ მიხარია, რომ ამ კითხვებს და რეპლიკებს ვერ გებულობ. როგორ მინდა ვიცოდე რას ფიქრობ, რა გესიზმრება.. შენს ცხოვრებაში კი არ ვიქექები, შვილო, ისე, გულწრფელად მაინტერესებს.
კიდევ ერთი პოპულარული შეფასება – “მხატვარი გამოვა”.. მანქანები უყვარს?! – “შუმახერი იქნება”! და ასე დაუსრულებლად. შვილო, ერთს მოგწერ – არა აქვს მნიშვნელობა ქერა გაიზრდები თუ შავგრემანი, მხატვარი იქნები თუ “მემანქანე”, მთავარია, რომ ბედნიერი იქნები. მე ვცდილობ ვისწავლო და ვეცდები შენც გასწავლო – შენგანაც ხომ ვსწავლობ ბედნიერებას. ცხოველებიც რომ ვყოფილიყავით მაშინაც ასე გიჟურად მეყვარებოდი, რადგან ახლაც ვგრძნობ რომ არაადამიანურად მიყვარხარ. ვერც წერილით გადმოვცემ, ვერც ნახატით, ვერც თამაშით, მოფერებით და ვერც სხვა შესაფერის ემოციას ვპოულობ. ჰო, მართლა, სანამ წერტილამდე მივალ, მადლობასაც გეტყვი, შვილო, შენი დაბადებით რომ სამყარო სხვანაირად დამანახე, დამაფიქრე და გამამათამამე.
ახლა შენ და დედას გძინავთ. დილით რომ გაიღვიძებ ფანჯრიდან ისევ გავიხედოთ, ახალ დღეს დაგანახებ..

პატივისა და გულისცემით, შენი – მა, მამა, მამი, მამიმა, გიუ, გიო, გიორგი, გიორგა (ჯერჯერობით მხოლოდ ამ სახელებით მომმართავ)

გიორგი ლიპარიშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 1 Comment

წერილი ელენესა და ტასოს

ელენე, აი, რატომ ჩქმეტ ტასოს, რატომ? რა არის, რა ვნებაა ეს, რა მავნებლობაა? გინდა ჩქმეტა, გინდა ცხელი კოვზის 20983_388489384692017_2611007989706844254_nხელზე მიდება; შენ კიდევ ასე გულისგამგმირავად რომ არ დაიყვირო, ხომ შეიძლება? მით უმეტეს, ეგრევე ჩუმდები. ნუ იბუსხებით ახლა ორივე. შენ – განსაკუთრებით, ელენე. აჰა, ესე იგი, ნერვებს გიშლის, საჭმლის ჭამის დროს ხმებს რომ გამოსცემს? და როგორ გინდა აბა? მუხლუხო ხომ არ არის, სულ უხმოდ ჭამოს?

არა, ვერ გიყიდით ქამელეონს. შვილო, მე მზად ვარ, გავიგო შენი ეს სიყვარული, მაგრამ ვერ გავიზიარებ. ჯერ ერთი, მეძვირება. მეორეც, არ მევასება ეს ხვლიკები. ვიცი, გიყვარს ბავშვობიდან, დასდევ, იჭერ და ეფერები. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ხვლიკი სახლში. თან კატაც შეიძლება ვერ შეეწყოს. არასოდეს არაფერი მსმენია კატისა და ქამელეონის თანაცხოვრების შესახებ. შენ რა გინდა – ცოცხალი არსება სათამაშოდ გამოიყენო? არ გამოვა ეგ. იმას თავისი ცხოვრება აქვს და იქნებ შენს სათამაშოდ სულ ვერ ხედავს თავს?

კაი, გეხვეწებით, არ მინდა ამ აკრძალვებით და უარებით ლაპარაკი. რა? მათემატიკა? მოიტა.

ტასო, საღოლ. ჩვენი დახმარება თითქმის აღარ გჭირდება. მომწონს, ბოლო წუთამდე რომ აღარ მიაჭიჭინებ ამ დავალებას. უკვე მეოთხე კვირაა, ჩვენი შეთანხმება მოქმედებს: პარასკევს შუადღემდე თუ ასწრებ კომაროვის დავალების შესრულებას, პარასკევი საღამო თავისუფალია და ჩვენია. ცოტა უფრო აზრიანად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვიდრე სახლში ჯდომაა. ელენე, შენ რა გიყო, არ ვიცი. ნუ ჩქარობ. ეს ამოცანა რასაც გეუბნება, შეეცადე დაინახო: დაწერე, დახატე, რაც ამოცანაში წერია, გაიაზრე, რა არის ცნობილი და რა – ამოსაცნობი. მგონი, ჯობია, x-ით უმცირესი უცნობი სიდიდე აღნიშნო. ახლა დაუსვი შენს თავს შეკითხვები და შეეცადე უპასუხო. ისე, მარტო მათემატიკაში არ ხდება ეგ. არაფერი, არაფერი. ამოცანას დავუბრუნდეთ. ეგ შენი ტვინი რაიმეს თუ ელვისებურად ფიქრობს ან ხვდება, კარგია. მაგრამ აქ გვჭირდება თანმიმდევრულობა. ნაბიჯ-ნაბიჯ, სათითაოდ უნდა აღწერო ყველაფერი, რასაც მიხვდი. სწორი პასუხი კარგია – დიდება შენ! – მაგრამ სხვამაც ხომ უნდა გაიგოს, როგორ მიხვედი მაგ პასუხამდე? და შეკითხვები, ელენე: სწორი შეკითხვები არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორ პასუხებზე. ჰო, კონცენტრაციაც. ნუ დახტიხარ ფიქრიდან ფიქრზე. შეეცადე, ორი წუთი მაინც შეუსვენებლად იფიქრო ერთსა და იმავეზე, როცა ამოცანა გაქვს დასაძლევი. არ ვიცი, აქ რა გავაკეთო. ყურადღებას ნუ ფანტავ. ეგრე გაგიჭირდება გაიგო.

…ახლა გეტყვით, რატომ არის წიგნის კითხვა კარგი: ჯერ ერთი, სიამოვნება მოაქვს. ხო ეგრეა, ელენე? კითხულობ და თითქოს შენც იქ ხარ, წიგნში, იმათთან, ვინც მოგწონს ან გულშემატკივრობ. მეორეც – ეს კარგია თქვენი მომავლისთვის. ხშირი კითხვა გეხმარება უკეთ ილაპარაკო და წერო, უფრო დალაგებულად იფიქრო, უკეთესად გაიგო სხვისი საუბარი თუ ნაწერი. ეს არის უპირატესობა. ცხოვრება შეჯიბრია, სადაც ხან შენ აჯობებ, ხან სხვა გაჯობებს. ჰოდა, თუ გინდა, რომ იშვიათად გაჯობონ, ამაში კითხვა დაგეხმარება.  გამართული წერა და ლაპარაკი შეიძლება შენი იარაღი აღმოჩნდეს. ვიცი, ახლა ეს არ გაფიქრებთ, მაგრამ იცოდეთ. წიგნებს რაც ეხება, რა გიყო, ელენე, რაც შენ გიყვარს – მთელი ეს ვამპირები და მათი ომები – ქართულად ძალიან ცოტაა. შენ რომ კითხულობ, იმ ტემპით თარგმანს ვერ ასწრებენ. და ახლა კითხვა თუ გეზარება, იმას მაინც ნუ მეტყვი, რომ არ მოგწონს წიგნი, რომელიც არ წაგიკითხავს. ნუ ილაპარაკებ ეგრე. ისე, სიმართლე გითხრა, დღემდე არ მესმის, რანაირად მიაგდე ჰარი პოტერი პირველი 70 გვერდის წაკითხვის შემდეგ. გინდა, დავძრათ ერთად? ჩავუსხდეთ, ცოტა წავიკითხოთ და ეგებ მოგინდეს გაგრძელება? 33 წლის ვიყავი, ღამეების თენება რომ დავიწყე მაგის კითხვაში. თან ყველაფერია შიგ, რაც შენ წიგნებში მოგწონს.

ტასიკო, ნუ განიცდი იმას, რომ „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ გეტირება. ასეც უნდა იყოს. სწორია ეგ ტირილი, სწორია, რომ გებრალება და გამოხატავ. ყველას გვიტირია მაგ მოთხრობაზე. აი, დედაც ამბობს, რომ შეიძლება ახლაც აეტიროს. რაღაცა „პატარა პრინცზეც“ დამისევდიანდი. თუმცა, გამიხარდა, რომ მითხარი, რა საყვარელიაო. ერთი თხოვნა მაქვს, ტასიკო: ეგებ ცოტა ხშირად იკითხო. ახლა ხომ უფრო სწრაფად გამოგდის ეგ საქმე. სკოლის სახელმძღვანელო არ ითვლება. თან ზოგჯერ ისეთი სულელური შეკითხვებია შიგნით, რომ…

ელენე, კარგი, რა… ხომ იცი, რომ უჭირს ამას დილით ადრე ადგომა და ნუ ანჩხლობ, ნუ დაჰყვირი. გახსენი კოპები. არ შეუძლია შენსავით წამოხტეს, სწრაფად ისაუზმოს და გაემზადოს. შენ ამ მხრივ ძალიან მკვირცხლი და ყოჩაღი ხარ. არ დაგაგვიანდება ამ სკოლაში. როდის დაგგვიანებია? რა საინტერესოა, რად გინდა დილით უფრო ადრე მისვლა? კაი, მჯერა და მზად ვარ გაგიგო. მაგრამ ერთხელ მაინც მშვიდად შეხვდი იმას, რომ შენს დას არ შეუძლია აგყვეს. ეგეთია, დილით ნელი და გაუგე შენც.

ნეტა ამ თქვენს ტელეფონებთან ნაკლებ დროს ატარებდეთ…

 დავით პაიჭაძე

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 1 Comment

Create a free website or blog at WordPress.com.