წერილი ანანოს

                                                                7 წუთია 8 რიცხვი დაიწყო, თვე აპრილი, წელი 2015, ამას რომ წაიკითხავ აუჰ, ეს როდის იყოო იტყვი, ალბათ.10557179_870718669623725_9005988212427014135_n

მე წერა დავიწყე. შენ გადაბრუნებულხარ კედლისკენ და ხვრინავ. რა გენაღვლება, მე რომ  ამ წერილის გარდა ორი სკეტჩი მაქვს ტელევიზიისათვის ასაწყობი. რაც მე და შენს გარშემო სასაცილო ამბები ხდება ყველაფერი მინდა რომ გესმოდეს მამი, მაგრამ შენ მარტო ჩვენი ოჯახის ამბები გაინტერესებს და სხვისაზე ჯერ არ გეცინება. რომ გაიზრდები ნეტავ მაშინაც ეგრე იყო. გუშინ, საავადმყოფოში რომ ვიყავით, არ გემახსოვრება ეხლა შენ, ანალიზების რიგში თოთხმეტჯერ მიგასწარი ტრავმატოლოგის კაბინეტთან, ჩვენი საქციელის დედას ცოტა შერცხვა მაგრამ,  ვიღაც ბიჭმა რომ ძალიან დიდი ქილა ჩადო ანალიზების ყუთში და მიმღებ გოგოს მომხიბლავად  გაუღიმა, დედას ცოტა მოეშვა.

მამა, შენ ალბათ, აღარ მთხოვ „მამა წიგნი წამიკითხე“-ს და აღარც ისეთ კითხვებს დამისვამ როგორსაც ეხლა მეკითხები თუ გინდა გეტყვი რამდენიმეს. არა? კიი? კაი გეტყვი.

„მამა, ბებო სად გაიცანი?“
„ მამა, ნიანგსაც უნდა მწვანე რომ იყოს თუ ისეა?“
„ მამა, ბიძინა ვინ არის?“

„ მამა, მე პატრონი მყაავს? ბაღში ერთ ბავშვს ჰკითხეს და მაინტერესებს“
„ მამა, ნახევარი ჭიაყელა გავუშვი და ხო სიკეთეა?“
„ მამა, მაიონეზს რატომ ვყიდულობთ არ შეიძლება ჩვენით მოვიპოვოთ?“

ამ კითხვებზე ეხლა დაგცინი ხოლმე და შენ იბერები. მინდა და დაგცინი, ბოლოს და ბოლოს მამაშენი ვარ, შენზე უფროსი ვარ და ფლეისთეიშენს როცა ვთამაშობთ ყოველთვის მე გიგებ.

ხვალ ბებო ჩამოვა მაა, ახალი ფეხსაცმელები გიყიდა და გაგახარებს, ამ კვირაში უკვე მეორედ ყიდულობს შენთვის ფეხსაცმელს. ალბათ, გულს იფხანს. იმიტომ რომ სკოლაში, ჩემს კლასში სულ ორ ბავშვს თუ უყიდდნენ ფეხსაცმელს, ერთი პოლიციელის შვილი იყო, მეორე ქურდის. იმედია, როცა ამ წერილს წაიკითხავ, ამ ორიდან მარტო პოლიციელი გეცოდინება რა არის.

დაუჯერებელია, მაგრამ მაშინ ეგეთი დრო იყო მა, შენ ხომ ვერასოდეს დაიჯერებ, რომ ჩემს ბავშვობაში კვირაში ერთხელ შუქის მოსვლას  უბნის ბავშვები ისეთი ყიჟინით და ღრიალით  ვხვდებოდით, რომ ნებისმიერი ჰოტენტოტების ბელადი ალბათ, შურით გასკდებოდა.

მეტირება, რომ ვხედავ რომ წიგნის კითხვა უფრო ძალიან გიყვარს, ვიდრე მე შენს ასაკში, ჯერ შენ კითხვა არ იცი მაგრამ ნეტავ შენი სახე დაგანახა, როგორი გაფართოებული თვალებით მიყურებ ხოლმე, როცა წითელქუდას სცენარს შევცვლი და გიკითხავ, თუ როგორ გადაყლაპა მგელმა წითელქუდაც, ბებიაც, წითელქუდას დედაც, მონადირეც, მერე ნივთიერებათა ცვლა დაერღვა და სიმსუქნით მოკვდა.  ეს იმიტომ, რომ ნამდვილი ვერსია ჩვენ უკვე სამოცჯერ მაინც წავიკითხეთ. მალე კითხვას გასწავლი მა, ოთხი წლის რომ გახდები, მაშინ. კითხვას რომ ისწავლი აუჰ, რამდენი მაგარი რამე გაქვს წასაკითხი. ნეტავ, მეც წაუკითხავი მქონდეს ყველა ზღაპარი.  წიგნის კითხვის დროს ყველაზე ბედნიერი ხარ ხოლმე მა, რა შეგიშლის ბედნიერებაში ხელს, შენ რა იცი, რამდენი დამრჩა ბარათზე ხელფასამდე.

ამ წერილში ბევრ რამეს ვერ დაგიწერ მამი, მაგრამ გული არ მწყდება, იმიტომ რომ შენ როცა დიდი იქნები, ჩემი ყველა წიგნი დაბეჭდილი იქნება და იქ წაიკითხავ ყველაფერს, ბევრი ცუდი და კარგი ეწერება იმ წიგნებში მაგრამ შენ მაშინვე იგრძნობ რომელი ადგილებია შენი პატარა გულით გამთბარი. აეხლა ამებღავლა კინაღამ, ისევ რა. დავამთავრებ წერას, თორემ ჩემი ტირილი მეორე კლასის შემდეგ არავის. გკოცნი.

შენი მამა

 აკა სინჯიკაშვილი

Categories: წერილი მამისგან | Tags: , , , | 2 Comments

Post navigation

2 thoughts on “წერილი ანანოს

  1. მეც ამებღავლა ბოლოს 🙂 ისეთი წერილია – სიცილ-ტირილის.
    და, როგორც ჩანს, საოცრად კარგი მამის წერილი საოცრად საყვარელ გოგოს.

    Like

  2. ტოტალი ჩუყდ!

    Like

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Create a free website or blog at WordPress.com.