მამების დღიურები – რატი შუბლაძე

25 ივლისი

ტრადიციულად დილით კატომ გაგვაღვიძა. ამ დროს მე მივდივარ კატოსთან, თუმცა, ამჯერად ანამ დამასწრო და კატოს ჩაეხუტა. თითქმის ათ დღიანი განშორების შემდეგ ორივეს – დედასაც და შვილსაც ძალიან მოენატრათ ერთმანეთი.13989651_10206883219348182_1919180581_n

ანას ჩამოსვლის შემდეგ კატო უკვე სამი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უკვე მორიგეობით მიწევს კატოს ხელში აყვანა და მასთან დროის გატარება. საღამოს ორივე ჭამამ ჩემ გარეშე ჩაირა – დედაჩემმა და ანამ აიღეს საკუთარ თავზე მისი დანაყრება.

სამაგიეროდ კატოს დაძინებას ჩემს გარეშე არ ჩაუვლია. ბოლო დღეებია კატოს დაძინება უჭირს, ჭირვეულობს და მადაც დაეკარგა. ეჭვი გვაქვს, რომ კბილები ამოსდია. თუ კატოს რამე არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა, მაშინ ცუდად გაქვს საქმე – არ დამშვიდდება, სანამ თავისას არ მიიღებს. თუმცა, ახლა ალბათ, ვერც ხვდება რა აწუხებს და თავადაც მიძნელდება მისი ნუგეში და დამშვიდება.

ოთახში სიარულის, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის შემდეგ, როგორც იქნა, კატო დავაძინეთ და ამ პროცესის დროს მეც კინაღამ ჩამეძინა. რა რთულიც არ უნდა იყოს კატოს დაძინება, ერთს ვერ დაუკარგავ – ისე მაგრად დაგღლის, რომ უძილობა არასდროს შეგაწუხებს.

26 ივლისი

კატოს დილა ტრადიციულად დაიწო – დედიკო და მამიკო საკუთარი ხმაურით გამოაღვიძა. ცოტა ადრე მოუწია გაღვიძება და ჩვენს საწოლში გადმოვაბრძანე. ძილ-ბურანში ვცდილობ რომ ვეთამაშო, მაგრამ ის ხელებს მიტყაპუნებს მკლავებზე და ხელებზე. სხვა გზა არ არის, უნდა ავდგე და რძე მოვუმზადო. სანამ წყალი ცხელდება, კატოს პამპერსებსაც გამოვუცვლი. არც ერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს ფუჭად!

საღამო ხანს კატო კვლავ უქეიფოდ იყო. თუმცა ჯერ არ იცის რას ნიშნავს ეს სიტყვა და პატარა ბავშვის აღწერის დროსაც უნდა მოვერიდოთ მის გამოყენებას. კატოსთვის სპეციალურად რძისა და მაწვნის ადუღების შედეგად მიღებულ ხაჭოზეც უარი თქვა. იძულებული გავხდით რძით აგვენაზღაურებინა დაკლებული რაციონი. უკვე რამდენიმე თვეა კბილების მოლოდინში ვართ და ნებისმიერ უხასიათობას სწორედ ამას ვაბრალებთ.

27 ივლისი

დილით კატოსთან წესიერად ვერც მოვასწარი ურთიერთობა, ისე გავიქეცი სამსახურში. შუადღისკენ დედაჩემმა დამირეკა. თავიდან ისეთი ხმა ჰქონდა, მეგონა რაღაც მოხდა და იმწამსვე გამიელვა თავში ყველა არასასურველი სცენარი და მოვლენა. თუმცა, როდესაც სათქმელი დაასრულა შვებით ამოვისუნთქე – კატოს ქვედა კბილი ამოუვიდაო.


სახლში მისულმა რაც გავაკეთე, პირველი კატოს პირის ღრუს დათვალიერება მოვინდომე. თუმცა, ეს მარტივი საქმე არ გამოდგა. საიდან არ მივუდექი, პირი ვერ გავაღებინე. იმ მომენტებში, როდესაც იცინოდა და კისკისებდა – მე კბილის ნასახსაც ვერ ვამჩნევდი, თუმცა ანა და დედაჩემი მიმტკიცებდნენ, რომ გარკვევით ხედავდნენ კბილს. მთელი საღამო კატოსთან იმ იმედით გავატარე, რომ შეძლებდი ამ ნანატრი კბილისთვის თვალის შევლებას, თუმცა უშედეგოდ.

28 ივლისი

სანამ ტრადიციული რძის საუზმეს შეექცეოდა, კატომ კარგად გაიზმორა, პირი დიდზე დააღო და დაამთქნარა. ალბათ ეს იდეალური მომენტი იყო დამენახე ეს კბილი, თუმცა ამჯერადაც ვერაფერი დავინახე. ეს უკვე პრინციპის საქმე გახდა!

დღეს კატოს ხასიათში ახალი თვისება შევამჩნიე. თუ ადრე არ რეაგირებდა საკუთარ სახელზე, ახლა რამდენჯერმე გამომხედა დაძახებისას. ადრინდელთან შედარებით უფრო დიდხანს შეუძლია კონცენტრირება ერთ კონკრეტულ ნივთზე და იმასაც კი ხვდება, რომ ზოგიერთ ნივთს ვუმალავთ. მაგალითად, ტელეფონის დამტენის ან წიგნის ერთი ადგილიდან მოშორებით გადატანა უკვე საკმარისი არ არის და საერთოდ უნდა გააქრო ბაჭიას თვალსაწიერიდან.  

დღეს ანას დაბადების დღეა და საღამოს მის მეგობრებთან გატარება დავგეგმეთ. თავიდან კატოს წაყვანაც გვინდოდა, თუმცა ამინდისა და ჭირვეულობის გამო, გეგმები შევცვალეთ. სახლში სადღაც 11 საათისკენ დავბრუნდით და კატო დაძინებული დაგხვდა. დედაჩემმა კი მეორე კბილის ამოვლა გვახარა. იმედი მაქვს მეორე კბილს მაინც დავინახავ.13957620_10206883219148177_113540015_n

29 ივლისი

დილით ჩემს თავს დავაჯერე რომ ვხედავდი კატოს ქვედა ყბის თითქმის შუა ნაწილში ორ პატარა, თითქმის თეთრ წერტილს. მგონი ეს უფრო გამიხარდა, ვიდრე თავად კბილების ამოსვლის ფაქტი.

უნდა ითქვას, რომ კბილების ამოსვლას რამდენიმე პოზიტიური შედეგი მოჰყვა – კატოს ხასიათიც გამოუკეთდა და ღიმილიც უფრო სასაცილო გახდა. გუშინდელთან შედარებით ორი თეთრი წერტილი უფრო გამოკვეთილია და როდესაც კატო იღიმის, მე ამაზე ძალიან მეცინება. თავის მხრივ კატოს ჩემს სიცილზე უფრო მეტად ეღიმება და ვართ ასე, ჩაკეტილ წრეში.

ისე დაემთხვა, რომ დღეს საღამოსაც კატომ ბებიასთან გაატარა და მე და ანა Tbilisi Open Air-ზე წავედით. შინ გუშინდელივით დროულად დავბრუნდით და კატო საზეიმოდ გადმოვიბარეთ. სიცხისგან შეწუხებული, თავის საწოლშიც ვერ ისვენებდა, ამიტომ საცდელად ჩვენს საწოლში დავაწვინეთ, ფანჯარა გამოვაღეთ და სიგრილეში ვცადეთ მისი დაძინება. ამ ნაცადმა ხერხმა ამჯერადაც გაამართლა, თუმცა საქმე მხოლოდ ნახევრად არის გაკეთებული.

30 ივლისი

დღეს დიდი დღეა! კატოს სანახავად მამაჩემი ჩამოდის ქუთაისიდან. მთელი კვირა ვემზადები, რომ ვნახო როგორ შეხვდებიან ერთმანეთს ბაბუა და შვილიშვილი. მაისის შემდეგ მამაჩემს კატო არ უნახავს და კატო ალბათ ვერ იცნობს მას.

როგორც მოსალოდნელი იყო, კატომ ვერ იცნო მამაჩემი. როდესაც მან ხელში აყვანა დაუპირა, მაგრად მომეჭიდა და ჩამაფრინდა კისერში და თითქოს, თვალებით მეუბნებოდა არ გამიშვაო. არადა, სულ რაღაც ორი თვის წინ, ერთად იცინოდნენ და თამაშობდნენ მამაჩემი და კატო. მოკლედ, ყოველთვის ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს პატარა მაიმუნი.

რადგანაც შაბათია და მეც და ანასაც გვცალია, კატო საღამოს ლისზე ავიყვანეთ. დიდი ხანია ლისზე არ ვყოფილვართ ერთად და კატოს ძალიან გაეხარდა ბუნებაში გასვლა. ტყეში სეირნობის გარდა, კატო ტბის ნაპირზეც მივიყვანეთ. მცირე ექსპერიმენტიც ჩავატარეთ და ტბის წყალსაც ვაზიარეთ კატო. თუმცა, ცივი წყალი არ ესიამოვნა და სასწრაფოდ მოგვთხოვა ხელში აყვანა. 13988781_10206883219508186_2123927255_nიმ საღამოსვე კატო მეგობრებთანაც წავიყვანეთ. აქაც, ადრე ჩვეული ადამიანები არად ჩააგდო და მათ დანახვაზე ტირილი დაიწყო.  მოკლედ, ეს ის კატო აღარ არის, ყველასთან რომ ჩერდებოდა და ყველას უღიმოდა. ახლა ცოტა წუნია ბაჭია გახდა.

31 ივლისი

კვირას დილით კვლავ ლისზე ავედით. ამჯერად ჩემს მშობლებთან ერთად. დილაობით გაცილებით ცოტა ხალხია ტბის მიმდებარედ, სიმშვიდეა და სეირნობაც უფრო სასიამოვნოა. ამჯერად მამაჩემს ცოტა გაუგო კატომ და მის მხარზე ცოტა ხანს ეძინა კიდევაც. ჩემები შუადღეს წავიდნენ. წასვლამდე კატოს დიდხანს ემშვიდობებოდნენ და უკვე დღეების დათვლა დაიწყეს შემდეგ შეხვედრამდე.

საღამოს ანა მეგობრებთან შესახვედრად წავიდა, ხოლო ჩემი მეგობრები ჩემთან გამოვიდნენ. ტრადიციულად „უცხოები“ ახლაც არ მიიკარა კატომ. თავიდანვე ეჭვის თვალით დაუწყო ყველას ყურება და გვერდიდან არ მშორდებოდა მთელი საღამო. თუმცა, ნელ-ნელა გაუშინაურდა სტუმრებს, ზოგს გაუღიმა, ზოგის გასაღებით თამაში დაიწყო და ზოგიერთთან კონტაქტშიც კი შევიდა.

მეგობრებთან დროის გატარების პარალელურად (რაც სამაგიდო თამაშის, სხვადასხვა ქვიზის და Jeopardy!-ს თამაშს მოიცავდა) კატოს ჭამაც მოვასწარი. სანამ მეგობრები საიტ sporcle.com-ზე საუნდტრეკების  მიხედვით კინოფილმის გამოცნობას ცდილობდნენ მე კატოს ხაჭო გავუკეთე და ვაჭამე. მართალია გაჯიუტდა, ბოლომდე არ შეჭამა და რძის დამატება დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ჭამის დროს ჩაეძინა. ასე დასრულდა ჩვენთვის ნაყოფიერი კვირა, რომლის დროსაც კატომ  გაზრდა, დაჭკვიანება და ახალი აღმოჩენების გაკეთება მოახერხა.

 

Categories: მამების დღიურები | Leave a comment

Post navigation

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Create a free website or blog at WordPress.com.