მამების დღიური – გიგა ვაშაკიძე

25 ივლისი

ნიტას ახალი ფუნქციები ემატება, თან თვითონაც გრძნობს რომ უფრო მეტი შეუძლია და ცდილობს. ცდილობს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის.

მუცელზე გადატრიალება უკვე თვეზე მეტია რაც იცის, უკან გადმობრუნება ახლახან ისწავლა. მანამდე ძილში გადაბრუნდებოდა ხოლმე და მერე წივილს მორთავდა, გადმომაბრუნეთო და პირველს რომეელსაც გაგვაღვიძებდა, ის აბრუნებმა უკან როგორც წესი. ახალი რამეა წამოჯდომა. აი ძალიან, ძალიან უნდა, ზურგზე რომ წევს თავი ზემოთკენ მოაქვს, ცდილობს წამოჯდეს მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს. ამასობაში, ძალიან სასაცილო სახეს იღებს, აი, რომ ჰგონია რომ ერთი მოქაჩვაც და გამოუვა.13931614_10154286597895499_181421036_o ეს ჩვენთვის სასაცილოა, თორემ ის შრომობს და წვალობს. ასეთ მომენტებში ხოლმე თითო თითს გამოვუშვერ. იმას ჩაებღაუჭება და ჯდება. დაჯდომის შემდეგ არკვევს, რომ ეგ კიდევ არ არის მთავარი, ეხლა მჯდომარე მდგომარეობაში ხომ უნდა გაჩერდეს როგორმე. თუ ირგვლივ ყველაფერი რბილია, არც მიჭირავს, ირწევა თავისთვის, სწავლობს ბალანსის დაჭერას მაგრამ რაღაც მომენტში აუცილებლად წამოგორდება პანდასავით. მაგრამ არ ისვენებს, ცოტა ხანში ისევ ცდილობს წამოდგომას. იმდენი ენერგია აქვს, სიარულს რომ დაიწყებს, რა გვეშველება, არ ვიცი.

26 ივლისი

არ დაიჯეროთ რომ ბავშვები სადღაც ერთ წლამდე არ ლამარაკობენ, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩვენ არ გვესმის რას იძახიან. ნიტამ აღუ-თი დაიწყო (და არა, “ადიდე ღმერთი უფალი” არაფერ შუაშია), მერე დიდი ხანი თითო ბგერას ამატებდა (ყოველ ახალ ბგერაზე მე და ლიკა ერთმანეთს ვეძახდით და ისე გვიხაროდა თითქოს ვეფხისტყაოსანი ჩამოარაკრაკა), და ახლა, უცებ, მართლა ალაპარაკდა.

თუ ცოთა ხანს ვერ გააჩერე ერთ ადგილას, საკუთარ თავს საუბრებით ირთობს და ამ საუბარში არის ყველაფერი: ფრანგული ღუღუნიც, მონღოლური ყელის ბეგერები და კიდევ მრავალი სხვა, თითქოს ჯერ სინჯავს ყველაფერს რაც შეუძლია და ჯერ არ აურჩევია რომელ ენაზე ალაპარაკდება, რა ცოდო იქნება, ეს ყველაფერი ერთ ენაში რომ ჩაეკეტება მალე. თან აშკარად აზრიანად ლაპარაკობს, ბგერებს აგორებს სხვადასხვა სიჩქარით და ინტონაციით, ხან უხარია, ხან ბრაზდება და ხანაც უბრალოდ უკვირს რაღაცა. დღეს დილას რომ გაიღვიძა, იმის ნაცვლად რომ გაგვაღვიძოს, კაი ხანი ბჭობდა რაღაცაზე, მე და ლიკაც სადღაც ძილ-ბურანში ვუსმენდით. ბოლოს მობეზრდა და პინგვინობაც მორთო – დროაო გამართოთ და მაჭამოთ. მეც ავიყვანე, ჩავიხუტე და გავიყვანე.

27 ივლისი

რასაც არ უნდა ამბობდნენ ტირაჟირებადი facebook სტატუსები, ბავშვის ყოლა არ არის რაღაც უპირობო ბედნიერება და ყოველწამიერად სიხარულის მომტანი. ნიტას გაჩენის პირველივე წამიდან ჩემი და ლიკას ცხოვრება შეიცვალა სამუდამოდ, ჩვენი თითქმის ყოველი დღე გამოზომილია და ჩვენი ბევრი საჭიროების წინ ვაყენებთ ამ პატარა არსების საჭირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თვითონაც არ იცის, რა უნდა.

მაგრამ ყველა ამ გადამეტებულად დაშაქრულ სტატუსში, ერთი არის რომელიც ერთი წვეთითაც არ არის გადამეტებული. როგორი რთული და სტრესული დღეც არ გაქვს, სახლში რომ მიხვალ შენს პატარა ბურთს ჩაიხუტებ, ხვდები რომ ყველაფერი დაძლევადია და სამყარო სინამდვილეში (მთლიანად თუ არა, შენი პატარა კუნძული მაინც) ძალიან კეთილი და ბედნიერი ადგილია.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.

28 ივლისი

ნიტა დღეს 7 თვისაა! პირველ რეალურ დაბადების დღემდე რა მოიცდის და ყოველ დაბადების თვეს ავღნიშნავთ. ძალიან მალე გადის დრო, სულ ეხლახან ჭამის ძილის და ტირილის გარდა არაფერს აკეთებდა, და უკვე არის ცოცხალი შოუ, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტ.

თვეში ერთხელ ჩვენთან ნათესავები იკრიბებიან და ნიტაზე რიგი დგება: ვინ აბანავებს, ვინ გაამშრალებს, ვინ დააძინებს და ა.შ.

საცობებზე გამოვლილი რომ მოვედი, მამის პრივილეგია გამოვიყენე და დავეპატრონე: დღეს მე ვბან. ნიტას პატარა აბაზანაში გაჩნდა ყვითელი იხვები, ისე უხარია, რომ დაბანა შეუძლებელი ხდება. მე ვუყურებ იხვებს როგორ ეთამაშება და მიხარია.

კოლექტიური დაძინების შემდეგ, ჩაისა და ნამცხვარზე გადავინაცვლეთ. ყველა რომ დაიშალა, მე და ლიკა ნიტას თავზე დავადექით და ვუყურებდით ძილში თავის სპილოს როგორ ეხუტებოდა.

29 ივლისი

დილაობით რომ ვიყვან, ნიტას ზოგჯერ მკერდზე მუცლით ვიდებ. ის ამ დროს უკვე გაღვიძებული და აჟიტირებულია და როგორც წესი, თავს წევს, აქეთ იქეთ ატრილებს და ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებს.

დღეს კი ნამძინარევი იყო, თავი მხარზე დამადო, თათი ჩამბღუჭა მაისურზე და გაინაბა, მიმეკრო და თითქოს მისმენდა. ზუსტად ასეთი სიახლოვე ვიგრძენი ნიტას დაბადების შემდეგ პირველ წუთებში.13950972_10154286598925499_174528020_o

მშობიარობას დავესწარი, ჯერ გადაჭრით გადავწყვიტე, ბოლო მომენტში უკან რომ არ დამეხია და მხოლოდ შემდეგ დავიწყე მორალურად მზადება.

ყველაფერმა ძალიან სწრაფად ჩაიარა, ვერც კი მივხვდი ყველაფერს სანამ ნიტას ტირილი არ გავიგონე, მერე კი მოხდა ჩვენი პირველი გაცნობა:

სანამ ლიკას გადაიყვანდნენ პალატაში, ნიტა ჩემთან მოიყვანეს და მკერდზე დამიწვინეს. ამ ყველაფერს ახსნა და საჭიროება აქვს –  მგონი, ჯერ საკუთარი სითბო არ ყოფნის და სხვა სხეულის სითბო სჭირდება, თან გარე სამყაროს ბაქტერიები უნდა აითვისოს. მაგრამ ჩემთვის ეს ჩემ სპატარა გოგოსთან პირველი გაცნობა იყო.

მკერდზე დამადეს და საბანი დაგვაფარეს. თვალები არ ჰქონდა ბოლოდმე გახელილი, ვერ ხვდებოდა ალბათ რა მოუვიდა ან რატომ შეიცვალა მის ირგვლივ ყველაფერი, უბრალოდ იწვა, მუშტებს კრავდა და მკერდზე მებღაუჭებოდა, მე კი განძრევის მეშინოდა.

ბოლომდე არც ახლა მაქვს გააზრებული, რომ მამა რომ ვარ და შვილი მყავს და იმ მომეტშიც ვერ გავიაზრე, რა თქმა უნდაა. მკერდზე რომ მყავდა მიკრული, ვიგრძენი რამდენად არის ეს პატარა მიში ჩემზე დამოკიდებული. ეს პირველი თვეებიც ალბათ ყველაზე ადვილი იყო – აჭამე, გამოუცვალე, დააძინე, ეთამაშე – წინ კიდევ რამდენი რამე დამემატება.

30 ივლისი

ნიტა საზოგადოებაში გაგვყავს, ამჯერად Open Air-ზე. ყველაზე კარგი მუსიკის დროს უკვე სძინავს მაგრამ რა გვიშლის რომ დღისით გავასაერნოთ?!
თან პირველად არ არის ამ ფესტივალზე – შარშან, ჯერ კიდევ მუცელში დაესწრო Placebo-ს. პროგრამაში ორი რამე გვქონდა მე და ლიკას – მიწაზე გორაობა და ტერიტორიაზე ბოდიალი.

საგორაოდ მოვნახეთ ჩრდილი ბევრი დასაფენით, ნიტა შუაში დავსვით სათამაშოები დავუყარეთ ვუყურებდით, ხან ერთს როგორ იდებდა პირში და ხან მეორეს. ეს რომ მოწყინდა მე ავიტაცე, ჩვენ ერთი საყვარელი თამაშის გვაქვს.

ნიტას თურმე ყვარებია ფრენა: ზურგზე ვწვები, ჩემს ზევით ვიჭერ და უცებ ზემოთ ავიტაცებ. რა ხასიათზეც არ უნდა იყოს ჯერ იღიმება და მერე თავისი პინგვინის ჭყივილს იწყებს. არასოდეს მომბეზრდება ამის კეთება. 13987799_10154286599090499_109388667_o

გორაობის და ფრენის მერე წავედით სასეირნოდ. დაგყავს ბოშურად, სლინგით. სლინგი დიდი ნაჭერია რომელსაც თავის წესით ვიხვევ ტანზე და იქ ვსვამ ნიტას. სანამ პატარა იყო ადვილი იყო ამის კეთება, კარგად ეტეოდა და სლინგში ვაძინებდი ხოლმე. ერთი-ორჯერ ასე დაძინებული დამყავდა საყდლებზე. მიში უკვე იმხელაა რომ ძველებურად ვერ ჩადებ და ვიცოდი რომ ჩასმის სხვა გზა იყო და დღეს უნდა დაგვემუღამებინა. თეორიაში უნდა ჩაგვესვა სახით წინ ისე რომ მჭიდროდ ყოფილიყო ჩემთან მიჯაჭვული, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაში აღმოჩნდა ადვილი, პრაქტიკაზე მხოლოდ მესამე ცდიდან გამოვიდა. მადლობა ნიტას რომ სამივე ცდა მოთმინებით გადაიტანა. 13932051_10154286601550499_1134529493_o

მთელ ტერიტორიას მოვუარეთ ერთად. ყველაზე რთული ნიტას ტარება კი არა სხვების გადამეტებული ყურადღება აღმოჩნდა: თან საყვარელი ბავშვი (მართლა საყვარელია), თან უცნაურად ატარებენ და თან ბიჭი ატარებს, ამ ყველაფრის კომბინაციით ძვლივს გავიარეთ ჩვენი მანძილი.

კარგი მეთოდია მაინც, კიდევ უნდა დავტესტოთ.

ნიტა დავაძინეთ და ღამის კონცერტებზე წავედით, მშობლებსაც ხომ უნდა გართობა.
31 ივლისი

რემონტის დამხურავ ფაზაში ვართ და ბოლო რამეები გვაქვს საყიდელი, მთელი კვირა დღე ამაში უნდა დავხარჯოთ. მაგრამ ნიტასთანაც ყველაზე მეტი დრო შაბათ-კვირას გვაქვს, ჰოდა წამოვიყვანეთ. 13939942_10154286598470499_828935873_o

დაგეგმილიდან ნახევარი ვერ მოვასწარით, ისე გავერთეთ ნიტათი. ჯერ იყო და ნახევარი ქალაქი მოვიარეთ მანქანით მიშის დაძინებაში, მანქანაში კარგად იძინებს, მაგრამ ეხლა იუარა. მერე კი სადაც არ შევდიოდით ნიტასთვის გასართობს ვნახულობდით. ნიტასთვის რა, უფრო ჩვენთვის: ნიტამ ყველა საშხაპე კაბინა მოიზომა, ბევრ კარადაში აღმოჩნდა და ბოლოს სამზარეულოს ნიჟარაშიც ამოყო თავი. ძალიან მოეწონა ყველაფერი, რაღაცეები თვითოვე აარჩიე, ხელის დადებით.13977776_10154286598040499_1087956766_o

რა ენაღველბა, მისი ოთახი ყველაზე პირველი მორჩა, ეხლა ჩვენია დასამთავრებელი და გადავალთ. ნეტა როგორ მოერგება ახალ სახლს.

Categories: მამების დღიურები | Leave a comment

Post navigation

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Blog at WordPress.com.