მამა – ვერა აბულაძე

გვიანი შემოდგომაა…უეჭველად სუხნარევი ფოთოლცვენაა დაწყებული… ზაფხული რომ იყოს დილით მამიკო სახლში არ იქნებოდა… თავის ყინულის სასახლეში ჯადოსნური და გემრიელი ნაყინების მომზადებით იქნებოდა დაკავებული… მე დილაობით ყოველთვის გავრბივარ და მის საწოლში ვნებივრობ… ჩემი ძმა ყოველთვის დედიკოსკენ მირბის… საწოლი დიდი არაა მაგრამ ძალიან რბილი, თბილი და ფუმფულაა… მე ისე მიყვარს იქ ხტუნაობა… არადა სხვა დროს ძალიან მშვიდი და წყნარი ვარ…13819529_1080745245334962_234383520_n.jpg
დილაობით მულტფილმებს ვუყურებთ, ხან რას ხან რას, ის დროა მხოლოდ ტელევიზორი რომ არის და სხვა არაფერი… მაგრამ დღეს სტინგი მღერის ბოლო ხმაზე თავის ინგლისელს ნიუ იორკში:) მე და მამიკო რიტმულად ვმოძრაობთ და აშკარად მოგვწონს, ორივეს ძალიან მოგვწონს… ჩემთვის უცნობ სიტყვებს უზომო ემოცია მოაქვს და გვიახარია რომ ერთმანეთი გვყავს… საწოლის ბოლოში ჩვენი შავი კატა იზმორება, ასე რომ უყვარს და მეცილება ჩემს მამიკოსთან ძილში და კნუტუნში…
ნეტავ როდის ხდებიან შვილების თვალში მამები გმირები? ან რაა გმირობა? ან მამობა რაა? ისინი არ გვატარებენ 9 თვე მუცლით, არ იტანენ მშობიარობის აუტანელ ტკივილებს, არ გვკვებავენ საკუთარი სხეულითა და ნერვებით, უმეტესწილად, ისინი დედასავით არც ღამეებს გვითევენ, არც სიცხეს გვიზომავენ, არც თეთრეულს გვიცვლიან და გვირეცხავენ, არც გაკვეთილებს გვამზადებინებენ დედასავით ხშირად, არც სკოლის კრებებზე დადიან და არც მიღებულ ფრიადებს ვახარებთ პირველებს, არც პირველ სიყვარულზე და საჩუქრებზე ვუყვებით არაფერს, არც აბეზარ თაყვანისმცემლებზე და არც სასურველებზე…
მაგრამ ისინი მაინც პირველები არიან… მამაჩემისნაირი მამები ყოველთვის პირველები არიან გულში, ისინი არასდროს ყვირიან, არასდროს ბრაზდებიან, არასდროს გსაყვედურობენ, დღე და ღამე მუშაობენ, მაგიდის კუთხეში ფერადოვანი საფარის ქვეშ სახარჯ ფულს გვიტოვებენ, დილაობით მძინარეს გვტოვებენ, ღამეც მძინარეს დაგვხედავენ-ხოლმე და უბრალოდ გვენდობიან… უსიტყვოდ და უპირობოდ გვენდობიან…
ჰოდა ერთ დღეს როცა გადაწყვეტ რომ უკვე დიდი ხარ, როცა უკვე საკუთარ გზას გინდა დაადგე და გგონია წინ აგიდგება, გზას გადაგიკეტავს, ჩინეთის კედელივით მყარი და უდრეკი იქნება სწორედ მაშინ გაგაოცებს, სადმე საკუთარი სახლის კიბეებზე ჩამოგიჯენს, თავის სევდიან ისტორიას მოგიყვება, თავის მწარე ან ჭკუის საწავლებლ გაკვეთილს გაგანდობს და უბრალოდ გეტყვის რომ ახლა შენი დროა… ვერმლანდელი გლეხის, სკროლიკელი იანისა არ იყოს უბრალოდ გაგიშვებს, საგზლად ნდობასა და სიყვარულს გაგატანს და შენსც წახვალ კლარასავით და დატოვებ ამ შენს “პორტუგალიის იმპერატორს” კი არა, შენი “გულის იმპერატორს”…
წახვალ და ცხოვრება თავის გაკვეთილებს შენც ჩაგიტარებს… ყოველ წუთს, ყოველდღე, ყოველ წელს… და ასე გაგრძელდება მანამ სანამ იცოცხლებ… და სანამ იცოცხლებ, მარტო იმიტომ იქნები ამაყი რომ გყავს ვიღაც, ვინც უანგაროდ შეგიყვარა, უბრალოდ აგღზარდა და გენდო… მთელი არსებით გენდო…”
მადლობა მამა იმისთვის რომ როცა შენს ცისფერ მზიან თვალებს ვხედავ, ვგრძნობ მე დღესაც ისევ ის პატარა გოგო ვარ შენთვის, მზრუნველობისა და მოფერების მოყვარული პატარა კნუტი…

Categories: წერილები მამებზე | Leave a comment

Post navigation

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Blog at WordPress.com.