მამების დღიურები – გიგა ვაშაკიძე

18 ივლისი

ძალიან ცხელა. ჩვენ კიდევ ჰო, მაგრამ ნიტამ ხომ არ იცის ჯერ სიცხე რა არის – ბოლო-ბოლო ზამთარში დაიბადა.

სძინავს საფენის ამარა (როგორ მოსთქვამს ამ ადგილას მშობლების ნახევარი მაინც) და თანაც ზურგზე. ზურგზე ორი–სამი თვის ასაკმდე ეძინა, რადგან სხვა პოზას უბრალოდ ვერ იღებდა, რაც დაამუღამა, გვერდზე დაწოლას არაფერი ურჩევნია, მუცელზე წოლაც კი. მაგრამ ამ სიცხეში წევს ზურგზე, ხელები უკან აქვს გადაგდებული და ხვნეშის.13707733_1130292180367794_6729864576327679604_n

ღამის განმავლობაში რამდნეჯერმე იღვიძებს და რიგრიგობით ვასმევთ წყალს. აქამდე ვერ მივეჩვიე, რომ ნიტა წყალს სვამს, ჩვეულებრივ წყალს! იმდენი ეტაპი და „ჩალიჩი“ სჭირდება მისი ყოველი საჭმლის მომზადებას, ჩვენსავით რომ სვამს ჩვეულებრივ წყალს ძალიან გულისამაჩუყებელია.

ღამის სიცხემ ჩაიარა და დილით ისევ კარგ ხასიათზე გაიღვიძა, თამაშის და ჭამის ხასიათზე.

19 ივლისი

ფაფის ჭმევა არის ძალიან სათუთი ხელოვნება. სათუთი და მოჩვენებითად ადვილი. როდესაც გგონია რომ ყველაფერი გამოგდის, თურმე მხოლოდ მორიგ საფეხურზე გადახვედი და აქ ახალი ბოსი გელოდება.

ჯერ იყო და ფაფას საერთოდ არ იკარებდა, პირველი ორი დღის მანძილზე ყოველი კოვზი იჭმებოდა ლიკასა და ზოგჯერ მთელი ამალის ცეკვა–თამაშის წყალობით.

მერე, როდესაც ფაფა უკვე შეუყვარდა, მთავარი ამოცანა ის გახდა თუ როგორ მოხვედრილიყო ფაფის უმეტესობა ნიტას პირში და არა მის ტანსაცმელზე, სკამზე, იატაკზე და კატაზე.

და აი, ამ დილას, როდესაც ყველა პირობა შესრულებულია: 1. ნიტას ფაფა უყვარს და ითხოვს 2. ფაფას აღარ ვამზადებთ თხელს, საკმაოდ სქელია და “ფაფისებური” 3. დავამუღამე როგორ ვაჭამო (კოვზი პირდაპირ კი არ უნდა ჩაუდო პირში, ზემოდან უნდა მიაწოდო, ასე ფაფის დიდი ნაწილი პირშივე რჩება), ნიტამ ახალი რამე მოიფიქრა – კოვზს მართმევს.

ისე კი არა, რომ თვითონ უნდა ჭამა, უბრალოდ ფაფის ჭამა უკვე ახალი არაფერია მისთვის და ჭამის პროცესში ერთობა; ხან ბოლო წამს რაღაცისკენ გაიხედავს და ფაფას ლოყაში ვახვედრებ, ხან კოვზზე მექაჩება, მართმევს, მოუსვენრობს და უხარია.

საუზმე დღეს ორივემ გათხუპნულებმა დავასრულეთ – ერთ-ერთი ამით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

20 ივლისი

ახალგაღვიძებული, ყავამიუღებელი, თვალებმოჭუტული დგები საწოლიდან – მიში კი ამ დროს უკვე გიღიმის, ხელ-ფეხს აფათურებს და თამაშს და კვებას ითხოვს. 13874820_10154255511390499_367847723_n

დღეს მაგარი რამე გამიჩალიჩა.

გავიყვანე მეორე ოთახში, ლიკა რომ არ გაგვეღვიძებინა და ვეთამაშებოდი სანამ ჭამის დრო არ მოვიდა. მერე თავის სკამში ჩავსვი და წავედი რძის და ფაფის მოსარევად. დამაგვიანდა მასთან გასვლა, უკვე შიოდა და წკმუტუნი დაიწყო. რამოდენიმე „რეისი“ გავაკეთე სამზარეულოს და ოთახს შორის, ჯერ ცოტა საჭმელს მივხედავდი, მერე ნიტას დავენახებოდი. დაწყნარდებოდა – გავვარდებოდი, ატირდებოდა, მოვბრუნდებოდი და ასე შემდეგ.

ბოლოს, როდესაც ფაფით დავბრუნდი, მივხვდი, რომ წინსაფარი და პირსახოცი დამვიწყებოდა. ფაფა მაგიდაზე (მისგან რაც შეიძლებოდა შორის) დავდე და მოსატანად გავიქეცი. უცებ მესმის, რომ გაჩუმდა. დავბრუნდი ოთახში და რას ვხედავ: – ფაფას მისწვდა, თავისკენ მიიწია, ხუთივე თითი ჩააწო, უკვე პირისკენ მიაქვს და თან მიცინის.

ფაფა მოვწმინდე, კარგად დავსვი სკამში და დავარწმუნე, რომ კოვზი მაინც სულ სხვაა.

21 ივლისი

დღეს ავად ვარ, სიცხემ ამიწია. განცალკევებული ვარ საკარანტინო ოთახში და ნიტასთან მხოლოდ შორიდან ვურთიერთობ. პერიოდულად შემოყავთ და მანახებენ.

რაღაც მომენტში ვერ გავძელი და პირბადით შევედი ჩვენს საძინებელში: ნიტა დედაჩემმა მუცელზე დააწვინა, მეც საწოლის მეორე ბოლოდან დავუწექი და ერთამენეთისთვის “სახეების კერვა” დავიწყეთ.

ნიტას სახეები – ეს ცალკე ისტორიაა:

თავიდან სახის სულ ორი–სამი გამომეტყველება ჰქონდა: მძინარე, წყნარი, მტირალი და ამათ შორის საშუალო – შეწუხებული.

რაც უფრო იზრდება, ემოციებს უფრო გამოხატავს და სახის გამომეტყველებებიც მატულობს.

რომ დავფიქრდი, აქამდე რაც მოაგროვა სამნაირია, და იმას კიდევ სხვადასხვა დონეები აქვს:

თუ რაღაცა არ მოსწონს, ჯერ პირს იკრავს და წარბებს ქვემოთ სწევს. თუ ამან არ უშველა, სახე უთრთის და სატირლად ემზადება. ბოლო და საშველი უკვე ტირილია. ამაზე შორს ჯერ ვერ მიდის.

სიხარულშიც სამი დონეა: ჯერ ისე მორცხვად იღიმის, მერე უკვე გულიან ღიმილში და ცოტა სიცილში გადასდის და ბოლოს კი . . . აი ბოლო დონე არის ყველაზე მოულოდნელი და მაგარი. კივის. კივის კი არა გაჰყივის, ძალიან ხმამაღლა და მხიარულად. ჩვენ ეს ხმა რატომღაც პინგვინის ხმას მივამსგავსეთ, ამიტომ “პინგვინის გაკეთება” ჩვენთან კარგ ტონად ითვლება.

ყველაზე ახალი გამომეტყველებები დაემატა ბოლოს, სადღაც ოთხი–ხუთი თვის ასაკიდან, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის ირგვლივ უშევლებელი სამყაროა, ამ სახეებით შეიცნობს არე–მარეს.13686565_1130292070367805_7724380821638566358_n

ერთია, როდესაც უბრალოდ უკვირს – თვალები ფართოდ გახელილი, პირი ღია – ასე შეიძლება დიდი ხანი აშტერდებოდეს რამეს. მეორეა, როდესაც უკვე დაინტერესდა, რამეს მიუახლოვდა, ან სულაც უჭირავს (ფოთლები უყვარს ძალიან), ძალიან დაკვირვებული მზერით, მოკუმული პირით ან სულაც ენა-გამოყოფილი.

მაგრამ, ყველაზე მაგარია მესამე – როდესაც ეტლით ვასეირნებთ. ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უდგება – ეტლში ზის და არე–მარეს ზემოდან, მეფურად დასცქერის, ვითომ ჩვენ მისი ქვეშევრდომები ვართ და მის საფლობელოებში ვასეირნებთ. რაც, რეალობიდან არც თუ ისე შორია.
22 ივლისი

როდესაც წარმოვიდგენდი მამობას, ვფიქრობდი იმაზე, თუ რა გამიხარდებოდა ბავშვთან დაკავშირებით – მაგალითად პირველი სიტყვის გაგება, პირველი ნაბიჯები, ერთად კუბიკებით ან ჯარისკაცებით თამაში, პირველი წასვლა ბაღში, სკოლაში და ა.შ.

არასოდეს მეგონა, რომ ამ სიხარულებში ერთ-ერთი იქნებოდა ის, რომ საკუთარი შვილი უბრალოდ გცნობს.

თავიდან ლიკაზე უფრო ჰქონდა რეაქცია, როგორც კი ხედავდა, თაველები უნათდებოდა იცინოდა, ზოგჯერ კი გაჰკივოდა, როგორც იცის, პინგვინივით.

ახლა კი, მეორე დღეა რაც ხელში ვერ ამყავს, რამდენჯერ მე შევყოფ თავს ოთახში, სადაც ის არის, ან ჩემთან ვინმე შემოიყვანს, სერიოზულად მაკვირდება და მერე იმხელაზე იღიმება, რომ გული მეკუმშვება, ნეტა მალე გამიაროს ვირუსმა.

23 ივლისი

დღეს მონაწილეობა მივიღე ბავშვის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაში – სტაფილოს ვაჭმევდით. რძის და ფაფების შემდეგი ეტაპი ადამიანური საჭმელია, მაგრამ შეპარვით უნდა შეეჩვიოს. სტაფილო გამოდგა პირველ კანდიდატად.

სტაფილოს ჭმევის მცდელობებს უჩვენოდაც ჰქონდა ადგილი – დედაჩემმა და ლიკას მამიდამ სცადეს უკვე ამ კვირას, მაგრამ ნიტამ ძალიან იუარა. არ გვინერვიულია, ფაფის ჭამაც ხომ ასე დაიწყო. თან ჩვენ პირველად ვაკეთებდით.

ლიკამ წინასწარ მოხარშა და ფაფისებრ მასმდე ათქვიფა. მთავარი მჭმეველის როლი მას მიენიჭა, მე როგორც ნაავადმყოფარი – ვასისტენტობდი.

კოვზის პირველივე მიკარებაზე ნიტა დაიჭყანა – ეს რას მატენითო. პირი გაიტენა მაგრამ გადაყლაპვას არ აპირებდა, არც რძის დაყოლებამ უშველა, არც ფაფის და არც სხვა ფაფაში შერევამ – ყველაფერი, რასაც სტაფილო ცოტა მაინც ჰქონდა შერეული ჯღავილით გადმოაფურთხა. ბოლოს, ლიკას თვალს აღარ უსწორებდა და მე მიყურებდა – შენ მაინც მაჭმევ რამე ნორმალურსო?! 13866636_10154255510015499_506748653_n.jpg

დამშვიდდა რძით. სტაფილო დროებით გადაიდო. შემდეგი მცდელობა – კარტოფილი.
24 ივლისი

დღეს ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე გავატარეთ.

გავიღვიძეთ და ნიტას ვეთამაშეთ. მე პირბადით, მაგრამ უკვე ახლოს მივდივარ. შესაბამისად, ხელიდან არ ვუშვებ და ცოტათი მგონი ვჭყლიტავ.

ნიტამ ბევრი იცინა, კარგად ჭამა და დაიძინა. დაიძინა რა – წათვლიმა ნახევარი საათი და სეირნობა მოინდომა.

კუს ტბაზე ჯერ არ გვყოლია, ჩვენი ტანკივით გამძლე ეტლი ჩავიბარგეთ და წავედით. მართლა თანკივით გამძლეა, ბორბლებიც კი დასაბაერი აქვს, იმისთვის, რომ უსწორმასწორო ზედაპირზე, სადმე მდელოში ან ტყეში იაროს.

კუს ტბას საპატიო წრე ნიტამ თავისი ჩვეული მეფური პოზით დაარტყა, უცქერდა ქვეშევრდომებს, ისინი კი უჩოქებდნენ და უღიმოდნენ.

ჭკუა როგორც იქნა ვისწავლეთ და საჭმლის ყველა კომპონენტი წავიღეთ. ნიტამ ფაფა ჭამა და რძე დალია, დედამ ლუდი, მამამ კი ლიმონათი.

ძილის მორიგი ულუფა მიიღო, როდესაც სანაპიროს და ახალ გზას რამდენიმე წრე დავარტყით რითმული ტანგოს ფონზე.

ბოლოს კი ახალი ეტლი ვუყიდეთ, კარგი, თანამედროვე, დასაკეცი – სულ ტანკით ხომ არ ივლის. ისე გაუხრდა, ისე გაუხრდა რომ იქვე „მოკაკა“ და მანქანისკენ გავიქეცით გამოსაცვლელად.

ამ ყველაფერმა ნიტა ძალიან დაღალა და საღამოს მალე დაიძინა, დედა და მამა კი დამსახურებული კინოს სანახავად წავიდნენ.

დღეს ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე გავატარეთ.

Categories: მამების დღიურები | Leave a comment

Post navigation

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Blog at WordPress.com.