მამების დღიურები – რატი შუბლაძე

უკვე ცხრა თვეა მე და ანა კატოს მშობლები ვართ. მას შემდეგ, რაც 2015 წლის იანვრის ბოლოს გავიგეთ რომ მშობლები უნდა გავმხდარიყავით, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. კატოს ამქვეყნად მოვლენასთან ერთად სულ უფრო და უფრო იცვლებოდა ჩვენი ცხოვრების წესი, განრიგი და პრიორიტეტები. იმატებდა ნერვიულობაც, მაგრამ ეს უფრო პასუხისმგებლობის აღების და გააზრების შედეგი იყო, ვიდრე შიში ახალი ცხოვრების მიმართ. მართლაც, შემიძლია ვთქვა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს ახალი ცხოვრება დავიწყეთ.13664284_1207601222593262_2116912300_n.jpg

მე და ანა დაახლოებით 2 წელია რაც დავქორწინდით და ერთად ვცხოვრობთ ჩვენს ახალ, არც ისე დიდ, მაგრამ არც ძალიან პატარა სახლში. ჩვენი დახასიათებისას შეიძლება გამოვიყენო ტერმინი Yuppie, რაც ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა პროფესიონალის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს სტერეოტიპული იარლიყი, რა თქმა უნდა, ზუსტად არ გამოხატავს ჩვენს თვისებებს, თუმცა ხშირად ვპოულობ საკუთარ თავში ამ სტერეოტიპის შესაფერისი თვისებებს.
მე განათლებით სოციოლოგი ვარ, ამჟამად ერთ-ერთ კვლევით ორგანიზაციაში ვმუშაობ. პარალელულად აგერ უკვე მესამე წელი დაიწყება, რაც დოქტორანტურაში ვსწავლობ და უნივერსიტეტში ლექციებსაც ვკითხულობ. სამსახურის, სწავლის და აგრეთვე კატოს ფაქტორის გათვალისწინებით, ბოლო დროს სულ ნაკლებ დროს ვუთმობ მეგობრებს, ჩემს სხვადასხვა ჰობის და გართობას. თუმცა, რა? სად? როდის? თამაში გამონაკლისია – თვითონაც მიკვირს, თუ როგორ ვახერხებ ამისთვის დროის გამონახვას.
ანაც ჩემს მონათესავე სფეროშია დასაქმებული. განათლებით ჟურნალისტია და ამჟამად, მედიის მკვლევარად მუშაობს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციაში. ანასაც მოუხდა საკუთარი ცხოვრების სტილის კორექტირება, და ისიც მცირე დროს უთმობს საკუთარ საყვარელ საქმიანობებს, მაგალითად თარგმნას და წერას. მე მგონია, რომ ანას მოწოდება წერა არის, რომელიც კარგად გამოსდის, მაგრამ არავის უზიარებს. ჩემგან განსხვავებით, ანა უფრო მეტ დროს უთმობს საკუთარ მეგობრებს, რაც მისი დატვირთული გრაფიკიდან და კატოს მოვლაში გაცილებით მეტი დროის დათმობის ფონზე მართლაც შესაქებია.

11 ივლისი. 2016.

ანა ქალაქგარეთ, მივლინებაშია წასული და ორი დღე მე და კატო მარტონი ვართ სახლში.
ჩვენი დილა როგორც წესი დილის 7 საათიდან 8-ის ნახევრამდე შუალედში იწყება. ამ დროს კატო იღვიძებს და ჩვენც გვაღვიძებს, რომ საკუთარი საწოლიდან ამოვიყვანოთ, საჭმელი მოვუმზადოთ და დღისთვის მოვემზადოთ. სანამ ანა კატოს აჭმევდა, მე სამსახურში წავედი, ძიძის მოსვლის შედმეგ კი ანაც ბორჯომში წავიდა მივლენებით. მთელი დღის განმავლობაში კატო ძიძასთან ატარებს, რომელიც ძალიან უყვარს.
მე სახლში დაახლოებით 7 საათისთვის ვბრუნდები. ძიძა მიდის და სწორედ ამ დროს იწყება ჩვენი თავგადასავალი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი რთულია 9 თვის ბავშვთან ერთად მარტო სახლში ყოფნა. მოუსვენარი კატო, დაბობღავს, დახტის, ცდილობს ფეხზე დადგეს, სკამზე ავიდეს, დივანიდან გადმოვარდეს, პირში სათამაშოების და პულტი ჩაიდოს, ძირს დაანარცხოს ჩემი მობილური და ამ დროს მე საჭმელი უნდა გავუმზადო. მოკლედ, თუ სწორი სტრატეგია არ აირჩიე, ამ ყველაფერთან განმკლავებისას ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს.
13650497_1207601219259929_1431440303_n.jpgკატოს ცხოვრება წინასწარ გაწერილი და დაგეგმილია. ცხრის ნახევარზე ჭამის დროა და მეც ვცდილობ თან ყურადღება არ მოვადუნო და კატო ძალიან შორს არ გაბობღდეს ოთახიდან, თანაც ხაჭოს, დახეხილი ვაშლი და გარგარი ერთმანეთში უნდა ავურიო და გავუმზადო. ჭამის პროცესის აღწერისას მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ კატოს ჭამს მოითხოვს მუსიკალურ ნიჭსა და სამსახიობო ოსტატობას, რადგანაც გართობის გარეშე ჩემი გოგონა პირს არაფერს დააკარებს.
ჭამის შემდეგ კი გართობის დრო იწყება. ამ დროს მე და კატო საწოლზე ვკოტრიალობთ, დამალობანას, ჰაერში აგდებობანას და ჯერ კიდევ სახელის არ მქონე ათას თამაშს ვთამაშობთ. ხშირად ცვალებადი ხასიათის გამო, კატოსაც მალე სწყინდება ჩემთან თამაში და ახლა ცდილობს ფეხზე დადგეს ან საწოლიდან ქვემოთ ჩაგორდეს. მეც სხვა გზა არ მაქვს, საძინებლიდან ისევ მთავარ ოთახში გავდივართ და ახლა უკვე დივანზე ვაგრძელებთ თამაშს.
კატოს უკვე ნელ-ნელა ეძინება, თავს ვეღარ იკავებს და გაბრაზებული – რატომ არ მეძინებაო – ტირილს იწყებს. თამაშ-თამაშით, ერთად კოტრიალით და იავნანით კატოსაც ეძინება და მეც კინაღამ ჩამთვლიმა. ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, რადგანაც კატოს კიდევ ერთი ჭამის დრო აქვს. სანამ მას არხეინად ეძინა, მე ამ დროს დრო ვიხელთე და დღევანდელი დღის უკანასკნელი საკვები, რძე, მოვუმზადე. ნახევრად ძილ-ბურანში მყოფი კატო ხარბად ეწაფება რძეს, სიამოვნებისგან კრუტუნებს და ხშირ-ხშირად ისვენებს. სადღაც პირველის ნახევარზე მისი დღე მთავრდება, მე კი ჯერ კიდევ მაქვს დაუსრულებელი საქმეები, წასაკითხი და დასაწერი. არადა მაგრად მეძინება.

12 ივლისი. 2016.

უკვე 6 თვეა რაც ჩვენთან მაღვიძარამ ფუნქცია დაკარგა და ის კატომ ჩაანაცვლა. გუშინ გვიან დავწექი, ამიტომ ადგომა ძალიან მიჭირს. ამ დროს ვფიქრობ, აბაზანაში შესვლა, კატოს საწოლიდან ამოყვანა და მისი საჭმლის გაკეთება ეფექტურად როგორ მოვახერხო. კატოს პროტესტის მიუხედავად, ჯერ აბაზანაში შევრბივარ, სწრაფად ვბრუნდები საძინებელში და ხელში ამყავს. გავდივართ სამზარეულოში და რძეს ვამზადებთ. სანამ რძე გრილდება, კატო დივანზეა წამოსკუპებული, ხელში პულტს ათამაშებს და ძალაუნებურად ერთი არხიდან მეორეზე რთავს. პულტთან თამაშს მხოლოდ რძიანი ბოთლის ხათრით ანებებს თავს და გამალებით ეცემა ბოთლს. რადგანაც მარტო ვარ სახლში, ძიძის მოსვლასაც ველოდები. ამიტომ დრო მაქვს და სანამ კატო იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე ერთობა, მეც ვჭამ. კარზე ზარი ძიძის მოსვლას ამცნობს კატოს და ისიც კისკისს იწყებს. გადაბარების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამსახურში გავრბივარ და საღამომდე ვემშვიდობები ჩემს კატუნიას.13823280_1207601212593263_1104573425_n
დღევანდელი საღამო ოდნავ უფრო მსუბუქი იქნება, რადგან დღეს ანაც ჩამოდის. გუშინდელთან შედარებით, დღეს კატო უფრო კარგად იქცევა და ნაკლებად ჭირვეულობს. სამაგიეროდ, ხილიანი ხაჭოს დღესაც უფრო ცუდად ჭამა და სადღაც მესამედი დატოვა. დანატოვრის ასანაზღაურებლად რძის დამატებაც გავუკეთე, რომელიც ბოლომდე დალია. უკვე ათის ნახევარია და ანაც მალე მოვა. კატოს ძილის წინა ჭირვეულობები დაეწყო და ვცდილობ დავამშვიდო და დავაძინო. კატო ახალი დაძინებული იყო, ანაც რომ მოვიდა და შვებით ამოვისუნთქე. თამამად შემიძლია დღეს ღამის ცვლა ანას გადავაბარო და ხვალისთვის გამოვიძინო. თუმცა, ჯერ წიგნის წაკითხვასაც ვაპირებ.
ცოტა ხანში წიგნთან ერთად დივანზე ჩაძინებულს, ანა მაღვიძებს. კატოს უკვე დაუმთავრებია დღევანდელი დღის უკანასკნელი საჭმელი და ახლა ანა აძინებს. ნახევრად მძინარე კატოს და მე ანა საძინებლისკენ გვიძღვება და თითქმის ერთდროულად „გვაძინებს“.

13 ივლისი. 2016.

ვინც ამ სტრიქონებს წაიკითხავს, ალბათ იფიქრებს რა მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება ჰქონიათ რატის, ანას და კატოსო. გარკვეულწილად ეს მართალიც შეიძლება იყოს – ყოველდღიური რუტინა თვიდან თვემდე არ იცვლება. დილით 8-ის ნახევარზე კატოს გაღვიძებაც უკვე ისეთივე გარდაუვალი მოვლენაა, როგორც სამსახურში წასვლა. დროთა განმავლობაში ამას ეჩვევი და აღარც იღლები. ხანდახან ნახევრად ავტომატურად და მექანიკურად დგები, კატოს ხელში იყვან, მიდიხარ ონკანთან, რეცხავ კატოს ბოთლს, ადუღებ წყალს და ამზადებ რძეს. თუმცა, დღეს თავს უფლება მივეცი ეს საქმე ანასთვის გადამელოცა და მე და კატო საწოლში ვკოტრიალობდით.13672273_1207601215926596_1251151090_n.jpg
ოთხშაბათის საღამო ოდნავ უფრო მსუბუქი გამოდგა, ვიდრე წინა ორი დღე. კატოც კარგ ხასიათზე იყო მთელი საღამო და ჩვენც ვერთობოდით მასთან ერთად. ამ ბოლო დროს კატომ იატაკზე ხოხვას გაუგო გემო. შენთვის დგახარ სამზარეულოში, ჭურჭელს რეცხავ ან საჭმელს ამზადებ, როდესაც დივანთან თავის ხალიჩაზე დატოვებული კატო უჩუმრად მოგეპარება და ფეხებზე გეპოტინება. ან, ყურადღებას მოადუნებ რამდენიმე წამით და უკვე სკამზე ან დივანზე ასვლას ცდილობს. მოკლედ, უკვე აღარ იცი რა გირჩევნია, კატოს ხელში ტარებისგან დაიღალო თუ მისი ყოველი ნაბიჯის კონტროლით. კატოსთან ერთად არასდროს მოიწყენ.

14 ივლისი. 2016

როგორც გითხარით, რაღაც დონეზე ეს დღიური ჩვენი და კატოს ურთიერთობას სრულად ვერ აღწერს, რადგანაც გამოჩნდება თითქოს მე უფრო ვარ ჩართული კატოს აღზრდაში, ვიდრე ანა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს, გვიან ღამით ანა ერთი კვირით გერმანიაში მიდის, მე კი დედაჩემის ჩამოსვლამდე მარტო ვარ კატოზე პასუხისმგებელი.
კატო, ალბათ როგორც ყველა ბავშვი ამ ასაკში, ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია. სწრაფად ეცვლება ხასიათი: უცებ მომღიმარი ბაჭია მალევე გადაიქცევა გაბრაზებულ და მტირალა არსებად. კატო ემოციურად ძალიან მიჯაჭვულია დედასთან, ამიტომაც უკვე დილიდანვე დავიწყე იმაზე ფიქრი, ერთკვირიან განშორებას როგორ გადაიტანს. ამდენი ხნით ჯერ არც ანა და არც მე კატოს არ მოვწყვეტილვართ.
საღამოს ანა ბარგს ალაგებდა და მგზავრობისთვის ემზადებოდა, ამ დროს კი მე და კატო ერთად ვერთობოდით. უფრო სწორად, მე კატო თამაშობდა პულტებით, ტელეფონებითა და პატარა დინოზავრებით, მე კი ამ დროს ვცდილობდი ერთი თვალით წიგნი წამეკითხა და მეორეთი კატოსთვის მიმექცია ყურადღება.
13664543_1207601225926595_1209364111_n.jpgსიმართლე რომ ითქვას, კატოს გარეთ გასვლა და ბუნების დათვალიერება უფრო მოსწონს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვერ ვახერხებთ მის ქალაქგარეთ გასეირნებას. რაც შეეხება ჩვენი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიას – პარკს ან გამწვანებულ ადგილს სანთლით თუ მოძებნი. დილით, როდესაც კატო აივანზე გამყავს და ჩვენი კორპუსის მერვე სართულიდან ვუყურებ თბილისის ბეტონის ჯუნგლების ზრდას იმაზე ვიწყებ ფიქრს, როგორ არა ეკოლოგიურ და დახშულ გარემოში მოუწევს კატოს გაზრდა. ქუჩაში ფეხით სიარულის დროსაც ვხვდები, როგორი არამეგობრულია ქალაქის ქუჩები თუნდაც ბავშვის ეტლის სეირნობისთვის. მოკლედ, ამ არასასიამოვნო ფიქრებში გართული კატოს ხმა მაფხიზლებს და ხელში აყვანას მთხოვს. ხანდახან ანას ხუმრობით ვეუბნები, რომ ძალიან გავათამამეთ კატო, როდესაც პირველივე თხოვნაზე ხელში აგვყავს.
ანა, ღამის ფრენის გამო, ადრე დაწვა და კატოს ბოლო ჭამა დღეს ჩემი მოვალეობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს საგრძნობლად გამოსწორდა ბაჭიას კვება. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ „რაღაც წამალი, რომლის სახელს ახლა ვერ ვიხსენებ“ მიღება კატოს მადაზეც აისახა და მის წონაზეც. უკვე მეც კი მიმძიმს მისი ხელში დიდი ხნის განმავლობაში დაჭერა. არადა, სამი თვის რომ იყო, ხელში ისე ვატრიალებდი კატოს, როგორც ჟონგლიორი ბურთებს.

15 ივლისი. 2016

კალენდარულად, სწორედ მეხუთე დღეს მიუკუთვნება ანას აეროპორტში წასვლა და მძინარე კატოსთან და ნახევრად მძინარე რატისთან გამომშვიდობება. ანა გერმანიაში სტამბოლის გავლით მიფრინავს და ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გამო, ეს სრულაც არ არის უსაფრთხო და აუღელვებელი. მეც მიწევს აგვისტოში ანალოგიური მარშრუტის გავლა, თუმცა, როგორც წესი, სხვაზე უფრო ნერვიულობ და ღელავ, ვიდრე საკუთარ თავზე.
ანას წასვლის შემდეგ წესიერად ვერ დავიძინეთ ვერც მე და ვერ კატომ. კატომ ჩვეულებრივზე ცოტა ადრე, 7ზე გაიღვიძა და მეც შევუდექი საჭმლის მომზადებას. სანამ კატო ცოტა ხანს თავის საწოლში ერთობოდა, წინა დღიდან შემორჩენილი დასარეცხი ჭურჭელი დავრეცხე და კატოს რძე გავუმზადე. როგორც წესი, ცხრის ნახევარზე მე უკვე სამსახურში მივდივარ და ძიძის მოსვლამდე კატოსთან ანა არის. თუმცა, დღეს მე ველოდები მაიას მოსვლას და მანამდე, კატოს პამპერსს და ტანსაცმელს ვუცვლი. თანაც, დღეს ქუთაისიდან დედაჩემიც ჩამოდის, რომ ანას არ ყოფნისას დამეხმაროს კატოს მოვლაში, აგრეთვე ჩვენი მიზანია კატო დედაჩემს შეეჩვიოს, რათა საჭიროების შემთხვევაში საშუალება გვქონდეს ან ქუთაისში ან სოფელში, რაჭაში კატოს გარიდება თბილისის აუტანელი სიცხეებისგან.
პარასკევის მოსვლა ადრე ძალიან მიხაროდა, მაგრამ ბოლო ნახევარი წელია უკვე ვეღარ ვიტან. იმიტომ რომ, შაბათსაც უნივერსიტეტის ლექციები მაქვს და მათთვის უნდა მოვემზადო და მთელი დღე აუდიტორიებში გავატარო. წარსულს ჩაბარდა პარასკევის საღამოს ლუდის სმა, სამაგიდო თამაშების თამაში ან გვიანობამდე პლეისტეიშენის თამაში. დღეს ისიც დაემთხვა, რომ ხუთშაბათის ნაცვლად პარასკევს დამინიშნეს ტრენინგი და გამოცდა. აპრილიდან მოყოლებული მე და ანა არასამთავრობო ორგანიზაციების მართვასა და მუშაობასთან დაკავშირებულ სასწავლო კურსზე დავდივართ და დღეს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრაა საზაფხულო შესვენებამდე. მოკლედ, დილიდან სახლიდან გასული კატოს საღამოს 10 საათამდე ვეღარ ვნახავ. თუმცა, მანამდე კატოს ძიძის და დედაჩემის ხელში იქნება, საღამოს კი ანას მშობლებიც შემოუერთდებიან კატოს მეურვეების სიას.

16 ივლისი. 2016

კიდევ კარგი ანამ დროზე გაასწრო ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან. დღეს დილით კატოს გაღვივებასთან ერთად ამდგარმა ჩვეულებისამებრ შევამოწმე სიახლეები და თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გავიგე. გუშინ საღამოს 11 საათისთვის ანამ მოიწერა რომ უკვე გერმანიაში იყო. კიდევ კარგი, თორემ ამ დროისთვის თურქეთის საჰაერო სივრცე დაკეტილია.
გუშინ საღამოს ისეთი დაღლილი მოვედი, რომ კატოს ბოლო ჭამის შემდეგ მალევე მკვდარივით დამეძინა და შეიძლება ითქვას, რომ ჭურში მეძინა, სანამ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ასეთი ამბები ხდებოდა. მოკლედ, აქ ამ თემაზე საუბარის ადგილი არ არის. განსაკუთრებით იმის გამო, რომ დღეს დედაჩემმა მისაყვედურა რომ კატოს ფაფისა და ხაჭოსთვის გუშინ ხილის ყიდვა დამვიწყებია და ისეთი კერძები ვერ მოუმზადეს, როგორიც ბაჭიას უყვარს.
მეგობრებო, პატარა ბავშვის ყოლა თამაში არ არის და მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას და კონცენტრაციას. ის, რომ თქვენ არ ხართ ყურადღებიანი, არ ზრუნავთ სახლში პროდუქტების მიტანასა და რამე რომ იყოს, არაფერსაც არ შეჭამთ მთელი დღე, შეგიძლია დაივიწყოთ. უნდა ვაღიარო, სულ მავიწყდება კატოსთვის ბანანის, გარგარის ან ვაშლის ყიდვა ფაფებისთვის. სუპის საჭირო ყაბაყის, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ნივრის, ხახვის ან მწვანილების ყიდვაც. გაგიკვირდებათ და ხშირად ხაჭოსთვის საჭირო რძის და მაწვნის ყიდვაც დამვიწყებია და გაბრაზებულ ანას უკან გავუშვივარ მაღაზიაში პროდუქტებისთვის. მოკლედ, იდეალური მამიკო არ ვარ ამ ასპექტში.
დღეს დილიდან დედაჩემს ვასწავლი კატოს ზნე-ჩვეულებებს. რამდენი რძე და რამდენი კოვზი მაწონი არის საჭირო ხაჭოს მოსამზადებლად, როგორ უნდა დააბლენდეროს მოხარშული ბოსტნეული, კატოს ჭამის საათებსაც ვასწავლი და ვუხსნი, რომ როდესაც კატო ჭირვეულობს მისი ჰაერში ატაცება ან მისთვის ტელევიზორის პულტის მიცემა საუკეთესო საშუალებაა.
საღამოს კი კატოსთან ერთად სტუმრად წავედით. ჩემს ბიძაშვილს ერთი თვის წინ ქალიშვილი შეეძინა და ერთ თვის იუბილეზე სხვა პატარებთან ერთად კატოც დაპატიჟეს. „ხალხმრავლობამ“ და სხვა პატარა ბავშვების დანახვამ კატო ააფორიაქა და სტუმრად ყოფნის დრო ძირითადად კატუნიას დამშვიდებით და გართობით ვიყავით გართული. სამაგიეროდ, კატოს ჰელიუმით დაბერილი ბუშტები მოეწონა და ძალიან გაერთო მათთან თამაშით.
ბუშტებთან თამაშით დაღლილ კატოს სახლის გზაზე ჩაეძინა და ენერგიისგან დაცლილი მთელი საღამო მშვიდად და წყნარად გაატარა.

17 ივლისი. 2016

დღეს მთელი დღე კატოსთან ერთად სახლში გავატარეთ. დილიდან კარგ ხასიათზე გაიღვიძა და დილიდან ხან იატაკზე ცდილობდა ცოცვას, ხან ჩემს სხეულზე. ხანაც საწოლსა და დივანზე. მოკლედ, სახლის არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დავტოვეთ სახლში სადაც არ გვითამაშია.13823260_1207601229259928_1941882836_n.jpg
შაბათი და კვირა ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების მისვლა-მოსვლისთვის საუკეთესო დროა. დღესაც დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილი გვესტუმრნენ და კატოს საჩუქრებიც მოუტანეს. ჩემმა დეიდაშვილმა და კატომ ერთმანეთს კარგად გაუგეს და კარგა ხანს ერთადაც თამაშობდნენ.
დღის ბოლოსკენ კატოს ხასიათი შეეცვალა და ჭირვეულობაც დაიწყო. ანას არყოფნა ამ დროს განსაკუთრებით შესამჩნევია, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია უმოკლეს დროში ყველაზე მეტად გაბრაზებული და ნერვებმოშლილი კატოს დაწყნარება. ხაჭოს ჭამის დროს დედაჩემს ჩხუბი დაუწყო და მხოლოდ ჩემს მიერ მოწოდებული კოვზით შეჭამა საჭმელი.
ჭირვეულობა ბანაობის დროსაც გაგრძელდა. ზოგადად, კატოს დაბანა ერთობ რთული რიტუალია: ჯერ უნდა მოვამზადოთ კატოს სპეციალური აბაზანა და ამ აბაზანის სადგომი. შემდეგ საჭირო ტემპერატურის წყლით აბაზანის ავსება, სათამაშოების ჩაყრა და სპეციალური გელით წყლის აქაფება. კატომ რატომღაც გააპროტესტა წყალში ჩასმა და ტირილით და კივილით სწრაფად დავბანეთ, შემდეგ ქაფის მოსაშორებლად შხაპი მივაღებინეთ და „ბაჭია-პირსახოცში“ გახვეული საძინებელში გავიყვანეთ.
ახლა 10-ის ნახევარია და კატომ უნდა დაიძინოს, მაგრამ ჭირვეულობს. ხელში ყოფნას მოითხოვს და დაძინებას ცდილობს. ახლა, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, ხელში მიჭირავს და ცალი ხელით ვცდილობ კომპიუტერზე ვბეჭდო დღევანდელი დღის შთაბეჭდილებები. კატო ამაში ხელს მიშლის, თითქოს ეჭვიანობს – სხვა რამეს რატომ აკეთებ, მე მომეფერე და დამაძინეო. მეც ვცდილობ, კატომ დაიძინოს და ხვალ უფრო კარგ ხასიათზე გაიღვიძოს. შემდეგ მეც დავიძინებ. კატოსთან გატარებული მთელი დღის შემდეგ როგორც წესი კარგად და ღრმად მძინავს.

Categories: მამების დღიურები | 1 Comment

Post navigation

One thought on “მამების დღიურები – რატი შუბლაძე

  1. რამდენადაც რთულია, იმდენად სასიამოვნო დაღლილობას გრძნობ შენი შვილისგან ❤

    Liked by 1 person

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Create a free website or blog at WordPress.com.